Belive

ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ ცნობილია

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
10 ივლისს, "ბორჯღალოსნები" ისტორიულ ტესტ-მატჩს იტალიის წინააღმეგ გამართავენ. შეხვედრა ბათუმში „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად პირველი დონის გუნდებიდან მეორე ნაკრებია, რომელიც  საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდა. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, შემადგენლობა გამოცდილი მორაგბეებით დააკომპლექტა. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 648-ს შადგენს, საიდანაც 353 ხაზის, ხოლო 295 შერკინების მოთამაშეებზე მოდის. ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და სამივე შერკინებაში. პირველ ხაზში გამოჩნდა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელსაც სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფიდან დაწინაურდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორე ხაზში კი ლაშა ჯაიანმა. უცვლელია მესამე ხაზი – ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე. თადარიგშია ტოპ 14-ის ჩემპიონი, 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელსაც გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამ გადაწყვეტილებების თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:
„ბექა გიგაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა, ახლა ჯანმრთელადაა და მზად არის თამაშისთვის. გუნდში სამი მაღალი გამოცდილი კვაჭი გვყავს, ხშირად მივმართავთ როტაციას და ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი ამ ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ. სამწუხაროდ,  კოტე მიქაუტაძე ვარჯიშზე დაშავდა და მეორე ხაზში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ვთვლი, რომ დებიუტანტმა ლადო ჩაჩანიძემ კარგად ჩაატარა მოსამზადებელი პერიოდი და მზად არის თამაშისთვის. ნიკა აბულაძეც დებიუტანტია, თუმცა დიდი ხანია სანაკრებო სივრცეშია და აქამდე მისი თამაშის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ნიკამ აფრიკის ტურნე კარგად ჩაატარა და ამ კვირაშიც ნაყოფიერად ივარჯიშა. გელა აფრასიძე ტოპ 14-ის ფინალის გამო გვიან შემოგვიერთდა, ახლა კი მზად არის სათამაშოდ. სანდრო მამამთავრიშვილს წელს კარგი სეზონი ჰქონდა და ვთვლით, რომ მან ეს ადგილი დაიმსახურა. დიდი იმედი მაქვს, ეს მორაგბეები მარქაფადან გაგვაძლიერებენ“
ასეთი იქნება საქართველოს შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ: ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი ("ლიონი"), 14. აკა ტაბუცაძე ("შავი ლომი"), 13. გიორგი კვესელაძე ("გლოსთერი"), 12. მერაბ შარიქაძე ("შავი ლომი"), 11. სანდრო თოდუა ("შავი ლომი"), 10. თედო აბჟანდაძე ("ბრივი"), 9. ვასილ ლობჟანიძე ("ბრივი"); შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი ("რასინგ 92"), 2. შალვა მამუკაშვილი ("შავი ლომი"), 3. ბექა გიგაშვილი ("ტულონი"), 4. ნოდარ ჭეიშვილი ("შავი ლომი"), 5. ლაშა ჯაიანი ("შავი ლომი"), 6. ოთარ გიორგაძე ("ბრივი"), 7. ბექა საღინაძე ("ლიონი"), 8. ბექა გორგაძე ("პო"). მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე ("ლოკომოტივ-პენზა"), 17. ნიკა აბულაძე ("შავი ლომი"), 18. ლუკა ჯაფარიძე ("ბრივი"), 19. ლადო ჩაჩანიძე ("ბაიონი"), 20. სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი"); 21. გელა აფრასიძე ("მონპელიე"), 22. ლაშა ხმალაძე ("შავი ლომი"), 23. დემურ თაფლაძე ("შავი ლომი").

სხვა სტატიები