Belive

ბორჯღალოსნების ტრიუმფი - როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები და ფანები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?!

1 წლის წინ რაგბი
5 წთ

10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა.

უკანასკნელ წლებში, “ბორჯღალოსანთა” პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების შესახებ სულ უფრო მძაფრად აპელირებს. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დროა 6 ერის დახურული კარი საქართველოსთვის გაიღოს. “ბორჯღალოსნებმა” პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს – “საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას”. დიახ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებული და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – გამარჯვება, რომელიც ბათუმის სტადიონზე მყოფ ნებისმიერ მორაგბესა და გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება და გამარჯვება, რომელიც მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.

6 ერის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაწყებულ დებატებს დასასრული არ უჩანს - იტალიის უსახური პერფორმანსით უკმაყოფილო ფანები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, ახლა კიდევ უფრო მტკიცედ მოითხოვენ "აძურის" ნაცვლად, საქართველოს მიღებას. 6 ერის 7 ერად გარდაქმნა და 6 ერში აღზევება/გავარდნის პლეი-ოფის დაწესება - ეს არის ორი ფორმატი, რომლის შესახებ ფანები აქტიურად საუბრობენ, თუმცა ევროპის უპრესტიჟულესი სანაკრებო სარაგბო ტურნირის "მამები" ამ დროისათვის ცვლილებებს არ გეგმავენ. შესაძლოა "ბორჯღალოსანთა" თამამმა განაცხადმა და იტალიის მარცხმა, მსოფლიო რაგბის მმართველები კიდევ ერთხელ დააფიქროს და საქართველოსათვის 6 ერის ნანატრი კარი გაიღოს. ალექს ბეივათერი (The Daily Mail) "ვაუ. ბათუმში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალია დაამარცხა (28:19). ეს არის თამამი განაცხადი მსოფლიო რაგბისა და 6 ერის კარზე. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს". საიმონ ტომასი (Walesonline) "ბათუმში საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა და ტიერ 1 ერის წინააღმდეგ, ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებული შედეგი".  ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტებისა და სარაგბო მიმომხილველების პათოსს, რიგითი გულშემატკვირებიც იზიარებენ. იტალიელი ფანები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და თავადვე აღნიშნავენ, რომ სამარცხვინო პერფორმანსის შემდეგ, "აძურის" ადგილი 6 ერში არაა. "რა სამარცხვინო დღეა, ტიერ 3-ის სუსტი გუნდისათვის. იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში, შესაძლოა ეს ყველაზე ცუდი დღე იყოს".  "პატივისცემა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ვარ - მათ ეს დაიმსახურეს". "ეს იყო დიდებული მატჩი. დროა საქართველო უძლიერეს ერებს უპირისპირდებოდეს".  "ფანტასტიკური გამარჯვება. საქართველო 6 ერში ყოფნას იმსახურებს". "სამხრეთ აფრიკა დამარცხდა უელსთან, რომელიც დაამარცხა იტალიამ - იტალია დამარცხდა საქართველოსთან. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდა".  "ისტორიული კვირა რაგბისათვის - ირლანდიამ, უელსმა და საქართველომ გაიმარჯვეს მაშინ, როდესაც მათგან მოგებას არავინ ელოდა".  "ყოჩაღ საქართველო - პატივისცემა ირლანდიიდან". "სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველო 6 ერში ასპარეზობის უფლება და არა იტალია". 

სხვა სტატიები