ლეგიონერები – საფრანგეთში რაგბი ქართული ქულებით დაბრუნდა

ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გასულ კვირაში საფრანგეთში რაგბი დაბრუნდა. გასული, შეწყვეტილი სეზონის შემდეგ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდებმა, 2020/2021 წლების ჩემპიონატები დაიწყეს.

პირველი ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ტოპ 14-ის ახალ სეზონში თავისი პირველი ქულები მოიპოვა ‘ბრივის’ მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, ხოლო პრო დე2-ის დაბრუნება ლელოთი აღნიშნა “პროვანსის” ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა.

ტოპ 14

ახალ სეზონში, ქართველი ლეგიონერებიდან მოედანზე პირველი ბექა გიგაშვილი გავიდა, რომლის “ტულონი” სტუმრად “ლა როშელთან” 15:29 დამარცხდა. ბორჯღალოსანი ბურჯი შეცვლაზე 33-ე წუთზე შევიდა.

სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა გურამ გოგიჩაშვილის “რასინგ 92”-მა. პარიზელები “ლიონს” ეწვივნენ და მეორე ტაიმში გატანილი ორი ლელოთი 27:23 მოიგეს. გოგიჩაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა.

სეზონი გამარჯვებით დაიწყო ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა გუნდა “ბრივმა”, რომელმაც “ბეიონი” მიიღო და 42:23 დაამარცხა. წარმატებაში საკუთარი წვლილი ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა შეიტანა. პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშეს 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ.

54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში მგეზავი თედო აბჟანდაძე და ის გუნდს 12 ქულით შეეწია. 21 წლის მორაგბემ დასკვნით 20 წუთში 4 ჯარიმა გაიტანა. შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ‘ბრივის’ ახალწვეულმა, სამედიცინო ჯოკერმა ბადრი ალხაზაშვილმა, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

პანდემიის გამო გადაიდო პირველი ტურის ერთი შეხვედრა, რომელშიც “სტად ფრანსეს” “ბორდო” უნდა მიეღო.

პრო დე 2

საფრანგეთში პოსტპანდემიური, ახალი სეზონი, 3 სექტემბერს პრო დე2-ის მატჩით გაიხსნა. “ბიარიცმა” “პერპინიანს” უმასპინძლა და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, რომელიც 57-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა. სტუმართა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ.

მეორე დღეს სეზონის პირველი ქართული ლელო გავიდა. “პროვანსი” საკუთარ მოედანზე მუდამ ძლიერად მოთამაშე “ანგულემს” ეწვია და ზაზა ნავროზაშვილის ლელოს წყალობით, 28:23 დაამარცხა. ზაზა თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო, ლელო კი 61-ეზე გაიტანა. ორი ქართველი იყო მასპინძელთა განაცხადში და ორივეს დაგეგმილზე ადრე მოუხდა თამაშში ჩართვა – შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 26-ე, ხოლო ლუკა გოგინავა 35-ე წუთზე შევიდა.

“ვალანს რომანმა” “კოლომიე” მიიღო და 32:19 სძლია. ‘ვალანსის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და მოედანზე 64 წუთი გაატარა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

სეზონის პირველ მატჩში სტუმრად “ვანთან” 22:30 დამარცხდა ქართველების “ორიაკი”. სტუმართა შორის ოთხმა ქართველმა ითამაშა და სამი მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კვაჭი ლუკა ნიორაძე (შეცვალეს 67-ე წუთზე), მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შეცვალეს 51-ე წუთზე) და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელმაც 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ.

“გრენობლმა” “ნევერი” მიიღო და 27:17 დაამარცხა. პირველი 60 წუთი ითამაშა მასპინძელთა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ნიკა ნეფარიძე მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. ‘ნევერის’ რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

დღეს “ბეზიე” სტუმრად “მონ-დე-მარსანს” ეთამაშება და მის სასტარტო შემადგენლობაშია ჟორჟ სალდაძე.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო: icon sport

(51)

ლეგიონერები – საფრანგეთში რაგბი ქართული ქულებით დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-