დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა – დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. სახელოვანი ქართველი მორაგბე ბორჯღალოსანთა ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. 14-წლიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე, კაჭარავამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 122 შეხვედრაში მოირგო და ნაკრებთან ერთად რაგბის მსოფლიო თასზე ოთხჯერ (2007,2011,2015,2019) იასპარეზა.

2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, კაჭარავამ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე, კაჭარავამ ჯგუფური ეტაპის ყველა (4) მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა კვართი 3 შეხვედრაში მოირგო.

კაჭარავას ასპარეზობის პერიოდში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი თერთმეტჯერ გახდა.

ბორჯღალოსანთა საუკეთესო მელელოვეთა შორის, დავით კაჭარავა მეორე ადგილზე იმყოფება (25) და მხოლოდ მამუკა გორგოძეს ჩამორჩება (27). სანაკრებო კარიერის პარალელურად, ქართველი ცენტრი 2009-13 წლებში ფრანგული სარაგბო კლუბების ღირსებას იცავდა. 2013 წელს, კაჭარავა რუსულ “ენისეის” შეუერთდა. კარიერის დასრულების შესახებ, კაჭარავამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა.

📌გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე…

Posted by Davit Kacharava on Tuesday, September 8, 2020


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და ბორჯღალოსანთა კვართის ღირსეულად დაცვისათვის, Live.ge-ის რედაქცია დავით კაჭარავას დიდ მადლობას უხდის.

 

(105)

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-