Belive

ედი ჯონსის ექსპერიმენტი - 9 ფორვარდი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
"შემოდგომის ერთა თასის" A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. 14 ნოემბერს, "თვიქენჰემზე" გასამართი მატჩის წინ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა, განაცხადა რომ შესაძლოა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გამოიყენოს. ედი ჯონსმა 2014 და 2015 წლებში საქართველოს წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული და უძლიერესი შერკინება ჰყავს. 2014 წელს, ნოემბრის ტესტ მატჩში, "ბორჯღალოსნებმა" ედი ჯონსის გაწვრთნილი იაპონია დაამარცხეს (35:24) - 10 თვის შემდეგ, რაგბის მსოფლიო თასის წინ გამართულ მატჩში, ჯონსმა პირველად მიმართა ექსპერიმენტს და "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ 9 ფორვარდს უხმო. გლოსტერში გამართულ შეხვედრაში, ჯონსის ექსპერიმენტმა გაამართლა და მატჩი "საკურების" გამარჯვებით, ანგარიშით 13:10 დასრულდა. ედი ჯონსის მტკიცებით, ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ 9 ფორვარდის გამოყენება იდეალური ვარიანტია.
"ქართველები ჭიდაობის ფუძემდებლებად ითვლებიან. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვაჟკაცები - მათთვის ფიზიკურად ძალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძლიერი შერკინებისა და ამ კომპონენტში დომინირების წყალობით, საქართველო მსოფლიოს ტოპ-15-ში ღირსეულ ადგილს იკავებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფორვარდები ხისტი თამაშით არიან ცნობილი - ამჯერადაც იგივეს ველით. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებს" იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. საქართველოს წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გავიყვანე. "ბორჯღალოსნების" სიძლიერე კარგად მახსოვს. "შემოდგომის ერთა თასზე" შესაძლოა იგივე ტაქტიკა გამოვიყენო და საქართველოს 9 ფორვარდით დავუპირისპირდე. ოლი თორლი, ბენ ერლი და კიდევ რამდენიმე ფიზიკურად ძლიერი მორაგბის გამოყენება შემიძლია. ტრადიციულ ფორმაციაში 8 ფორვარდი და 7 ბექია - თუმცა ექსპერიმენტის ჩატარება და მოედანზე 9 ფორვარდით გასვლა არავის აუკრძალავს", - აღნიშნა ედი ჯონსმა.
შეგახსენებთ, "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისისა და საქართველოს დაპირისპირება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ლეგენდარულ "თვიქენჰემზე", რომლის ტევადობა 82.000 შეადგენს, გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია.

სხვა სტატიები