Belive

ევროთასები | ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტრავმა მოიშუშა და 23 თებერვლის შემდეგ, პირველად ითამაშა. მისი "მონპელიე" ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში ‘უოსპს’ ეწვია, მე-6 წუთზე კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია – 14:33. ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი თადარიგში იყვნენ და ორივე ერთად, შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით მიმდინარე ტურნირს ვირუსმა ხელი დარია და ერთბაშად ოთხი მატჩი ვერ შედგა, რის გამოც "გლაზგო"’, "ექსეთერს", "ბათს" და "ტულონს" წაგებები ჩაეთვალათ. ჩელენჯ ქაფის მეორე რაუნდში "ბრივმა" იტალიურ "ზებრეს" უმასპინძლა და ბოლოსწინა წუთზე გაშვებული ჯარიმით 16:18 დამარცხდა. ფრანგთა 16 ქულიდან 11 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მან მე-4 წუთზე გარდასახვა, ხოლო მე-16, 51-ე და 65-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა. მან და ირაკლი ცხადაძემ სრულად ითამაშეს; ძირითადში იყო კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო ლუკა ჯაფარიძე და ოთარ გიორგაძე, შეცვლაზე შესაბამისად, 52-ე და 56-ე წუთებზე შევიდნენ. ინგლისში "ლონდონ აირიშთან" 17:26 დამარცხდა ომარ ოდიშვილის "პო". ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი ფოტო: cabrive-rugby

სხვა სტატიები