Belive

გამოავლინე 2020 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე

3 წლის წინ რაგბი
4 წთ
2020 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბის ტიტულისათვის 5 "ბორჯღალოსანი" იბრძვის. (ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე) საუკეთესო ქართველი მორაგბის გამოსავლენად, ხმის მიცემა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. ხმის მიცემა სრულდება 2020 წლის 31 დეკემბერს შუადღის 12 საათზე. რჩეული მორაგბისათვის ხმის მისაცემად გადადით ბმულზე. 2020 წელი დასასრულს უახლოვდება და წლის შეჯამების დრო დადგა. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი მატჩი გამართეს, ერთი კი გადაიდო. კოვიდ-ვირუსმა ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო ნოემბერში საფრანგეთთან ტესტ-მატჩების გამართვის საშუალება არ მოგვცა. სამაგიეროდ, ოქტომბრის ბოლოს გვქონდა ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან, მერე კი "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ფიჯისთან ვითამაშეთ. განვლილი შეხვედრების მიხედვით, ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე ხუთი მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან გამორჩეულს გულშემატკივარი თავად შეარჩევს. ესენი არიან: ბექა საღინაძე – 22 წლის მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შარშან ჰქონდა, წელს კი მესამე ხაზის უცვლელ წევრად იქცა. ბექამ წელს გამართულ ცხრავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პორტუგალიას ერთი, ხოლო ფიჯის ორი ლელო გაუტანა. გარდა ამისა, ის საიმედი იყო დაცვაში და "შემოდგომის ერთა თასზე" საუკეთესო მბოჭავი გახდა – 59 წარმატებული ბოჭვა ოთხ მატჩში! ბექა გორგაძე – 24 წლის მორაგბე კიდევ ერთი მესამე ხაზელია, რომელიც ნომინანტებს შორის მოხვდა. საღინაძის მსგავსად, წელს ისიც ცხრავე მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, რომ არა ირლანდიასთან მიღებული ტრავმა, რის გამოც ფიჯის წინააღმდეგ ვეღარ ითამაშა. გორგაძემ თითო ლელო გაუტანა ბელგიასა და პორტუგალიას. ის "შემოდგომის ერთა თასზე" ბორჯღალოსნების თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი, დაცვაში კი საიმედო იყო. ბექა გულშემატკივარმა 2019 წელს ერთხელ უკვე აღიარა საუკეთესოდ. მერაბ შარიქაძე – ბორჯღალოსნების 27 წლის კაპიტანი პრაქტიკულად ყოველ წელს ხვდება ნომინანტთა შორის და 2014 წელს საუკეთესოც გახდა. წლის დასაწყისი მერაბს ტრავმის გამო გაუცდა და მართალია რეგულარულად გუნდთან ერთად იყო, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა არ მოუწია. ის მოედანს ერთწლიანი შესვენების შემდეგ, შოტლანდიასთან მატჩში დაუბრუნდა და "შემოდგომის ერთა თასზეც" ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შარიქაძე აქტიურობდა შეტევაში, რამდენჯერმე ბურთი კარგად წაიღო, ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ გაისარჯა და 53 წარმატებული ბოჭვით, ტურნირის საუკეთესო მბოჭავთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. გიორგი კვესელაძე – 23 წლის მორაგბე "შემოდგომის ერთა თასის" ნამდვილ აღმოჩენად იქცა. რაგბიდან დავით კაჭარავას წასვლის შემდეგ, ის ცენტრში მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდა და ირლანდიასთან დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა. მისი გატანილი ლელო ჯერ მესამე ტურში, მოგვიანებით კი ტურნირში საუკეთესოდ აღიარეს. გარდა ამ ლელოსი, კვესელაძემ ირლანდიასთან 17 ბოჭვა შეასრულა და არცერთი გაფუჭებია. ის მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შედეგმაც არ დააყოვნა და კვესელაძე გახდა პირველი ქართველი ხაზის მოთამაშე, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა – 2 წლით "გლოსთერთან". აკაკი ტაბუცაძე – 23 წლის ფრთის მოთამაშეს ეროვნულ გუნდში დებიუტი წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა. მან სადებიუტო მატჩში ესპანეთს ლელო გაუტანა, ერთი კვირის შემდეგ ბელგიასთან 4-ჯერ დაამიწა ლელოში, ხოლო შემოდგომაზე მესამე სანაკრებო მატჩი შოტლანდიასთან ჩაატარა და ლელოების რაოდენობა ექვსამდე გაზარდა. "შემოდგომის ერთა თასზე" მან ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ვარსკვლავებს არაფერი დაუთმო. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები