გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის

6.36K
ნახვა

არგენტინაში მიმდინარე U20 მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, U20 ბორჯღალოსნებმა დრამატულ ბრძოლაში შოტლანდია დაამარცხეს (17:12). გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbypass.com, U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის.

“შოტლანდიის დამარცხება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ასაკობრივი ევოლუცია სრული სვლით მიმდინარეობს” – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას rugbypass.com-ი.

დომინანტური შერკინება და ლურსმანივით მყარი წინა ხაზელები ყოველთვის იყო ქართული რაგბის გამორჩეული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა და ფილოსოფია უახლოეს მომავალში არ დატოვებს ქართულ რაგბს, ბორჯღალოსნების რიგებში ევოლუციის ნიშნები შეიმჩნევა.

არგენტინაში მიმდინარე U20 მსოფლიო თასზე, U20 ბორჯღალოსნებმა ორი შეხვედრა დათმეს. გასაკვირი ნამდვილად არაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ U20 ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ. გარდა იმისა, რომ U20 ბორჯღალოსნებმა ახალ ზელანდიას საკმაოდ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს – ქართველებს სიხარულის შესაძლებლობას მნიშვნელოვან შეხვედრაში შოტლანდიის დამარცხებაც (17:12) აძლევს.

ეს არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც ისინი უკონკურენტოები და დომინანტები არიან მხოლოდ შერკინებაში. ფორვარდების გასაოცარ დომინირებას უკანა ხაზელებმა კრეატიულობითა და გასაოცარი თამაშით აუბეს მხარი – ეს კომპონენტი ყოველთვის არ ყოფილა საქართველოს, როგორც რაგბის მოთამაშე ქვეყნის ძლიერი მხარე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული შერკინება მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ კომპონენტში ქართველებს სანერვიულო არც U20 სანაკრებო დონეზე აქვთ. შერკინებაში ნიკა ღვალაძისა და ლუკა აზარიაშვილის წყვილი მოწინააღმდეგის გამანადგურებლებად მოგვევლინნენ.

გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის

საფრანგეთის Top 14-სა Pro D2-ს, სადაც შერკინება მეტად ფასობს საქართველო განუწყვეტლივ ამარაგებს ახალგაზრდა ფორვარდებით. დღეისათვის, საერთაშორისო რაგბიში ბორჯღალოსნების ძლიერი შერკინება ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოკვეთილი ნიუანსია.

ქართული რაგბის დომინირების ამ პოზიციის მიღმა, 19 წლის მგეზავი, თედო აბჟანდაძე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული რაგბის ევოლუციის – თუ არა რევოლუციის ყველაზე ნათელ გამოვლინებად.

მიუხედავად იმისა, რომ თედო აბჟანდაძე U20 ბორჯღალოსნებთან ერთად არგენტინაში U20 მსოფლიო თასზე იმყოფება, ახალგაზრდა 10-მა ნომერმა უკვე მოიხვეჭა 7 კეპი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი თედო აბჟანდაძეს პოტენციურ “მსოფლიო დონის” მორაგბეს უწოდებს და დიდი ალბათობით მას იაპონიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების განაცხადში ვიხილავთ.

უპირატესობის ხაზზე აბჟანდაძის კარგ მოქმედებას, U20 ბორჯღალოსნების ცენტრების ლაშა ლომიძისა და დემურ თაფლაძის ხელდახელ თამაშის უნარები უწყობს ხელს. U20 დონეზე, ბორჯღალოსნების უკანახაზელები აქტიურად იყენებენ ოფლოუდებსა და სწრაფ ჩარბენებს. დაჩი პაპუნაშვილისა და თეიმურაზ ჭიჭინაძის კრეატიულობა და ბურთის განაწილების უნარები, U20 ბორჯღალოსნების თამაშში მეტ მრავალფეროვნებას და შეტევების სხვადასხვა ფორმით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს მუდმივად აქვს იმის ამბიცია, რომ პირველი ეშელონის ქვეყნებთან მუდმივ კონკურენციაში იყოს და მათთან რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩი გამართოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბორჯღალოსანთა სათამაშო სტილის ევოლუცია სწორედ რომ ასაკობრივი ნაკრებებიდან უნდა დაიწყოს, რაც საბოლოოდ ნაკრების წარმატებაზე აისახება. საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ ისინი მეორე დონის ქვეყნის ამომავალი ვარსკვლავები არიან – ისინი სწორედ ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ქართული რაგბის ახალ ეტაპს იწყებენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს პირველ ხაზში არაერთი მაღალი დონის მორაგბე ჰყავს. მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი შერკინების მიღმა – საქართველოში გამოჩნდნენ მგეზავები, ცენტრები და ფულბეკები, რომელთაც უდიდესი პოტენციალი აქვთ.

გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის

ბორჯღალოსნები ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს, თუმცა მათ კიდევ აქვთ ორი უმთავრესი პრობლემა მოსაგვარებელი. ათლეტური მეორე და უკანახაზელების ნაკლებობა თვალსაჩინოა. ასევე შეიმჩნევა ფრთების მოთამაშეების პრობლემა. ფრთებზე გაცილებით უფრო დინამიური მოთამაშეების ყოლა, რომლებმაც ხშირ შემთხვევებში მატჩის მსვლელობაზე და თამაშის ტემპსა და სიჩქარეებზე უნდა მოახდინონ გავლენა – ბორჯღალოსნებს მკვეთრ უპირატესობას შესძენს.

U20 ბორჯღალოსნების 8 ნომერი, იოანე იაშაღაშვილი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალგაზრდა 8 ნომერი უპირატესობის ხაზთან ბურთით ხელში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს. პასები, ოფლოუდები და გარღვევები – ეს ყველაფერი მისი გამორჩეული მხარეა. სამწუხაროდ ბორჯღალოსნებს ჯერ არ ჰყავთ ისეთი მხტომელები, როგორიცაა მარო იტოჯე ან ჯეიმს რაიანი მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი თამაშის სტილი დიდწილად განპირობებულია დომინანტ შერკინებაზე და არა დერეფანში უპირატესობის მოპოვებაზე – ეს კომპონენტი ნამდვილად არაა საგანგაშო და მოულოდნელი.

ფრთის მოთამაშეები ოთარ ლაშხი და კოტე მარჯანიშვილი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ენერგია კონტაქტის დროს, თუმცა ისინი ნამდვილად არ აკმაყოფილებენ პირველი ეშელონის ქვეყნების ფიზიკურ მოთხოვნილებებს. ასევე მათ ნამდვილად არ შეუძლიათ იმ სისწრაფის განვითარება, რომ მოედნის ნებისმიერი პოზიციიდან შეძლონ ხიფათის შექმნა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სიძლიერე არასდროს არ დადგება ეჭვქვეშ. უძლიერეს და დომინანტ პირველ ხაზთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის უკანახაზელებიც გამოჩნდნენ, რომელთაც იმ უპირატესობის გამოყენება შეუძლიათ, რომელსაც შერკინება იძლევა.

მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაში ის კომპონენტია, რომელშიც ქართული რაგბი ჯერ კიდევ მოიკოჭლებს თუმცა შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელიც ქართულ რაგბს აქვს და არ მოიხიბლო იმ მორაგბეებით, რომელთაც საქართველო აწარმოებს. ბოლო წლებში, როდესაც საქართველო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს პირველი ეშელონის ქვეყნებს, მილტონ ჰეიგს და სამწვრთნელო შტაბს აუცილებლად სჭირდება უნივერსალური და მრავალფეროვანი ნაკრები, რომელიც გაცილებით უფრო დიდ ხიფათს შეუქმნის მოწინააღმდეგეს.

ახალგაზრდა მორაგბეების საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ადაპტირებას და შერწყმას გარკვეული დრო დასჭირდება – თუმცა ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი უნარები და შესაძლებლობები ქართულ რაგბს ნამდვილად ბრწყინვალე მომავალს უქადის.

(6355)

გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის

სტატიის ავტორი
-