Belive

"იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი" - მამუკა გორგოძე

1 წლის წინ რაგბი
5 წთ
გავლენიანი ფრანგული მედია საშუალება - Rugbyrama მამუკა გორგოძის შესახებ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ავტორიტეტულ გამოცემაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" ლეგენდის შესახებ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. 38 წლის მამუკა გორგოძე (72 კეპი) საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვებისა და საკუთარი კარიერის გამორჩეული მომენტების შესახებ გვესაუბრა.
  • 2 წლის წინ, პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადე. როგორია თქვენი ცხოვრება ახლა?
საცხოვრებლად სამშობლოში დავბრუნდი. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ წყნარი, მშვიდი ცხოვრება მაქვს.
  • რაგბი გენატრება?
ისე, როგორც არასდროს, მაგრამ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ფორმის შენარჩუნებას ვცდილობ. სახლში სავარჯიშო სივრცე მაქვს, "კროს ფიტსაც" ვასრულებ. კარიერის დასრულების შემდეგ, 1 კილოგრამიც კი არ მომიმატია.
  • ზაფხულის ტესტ-მატჩში საქართველომ იტალია დაამარცხა (28:19). როგორ ახსნით ამ ისტორიულ გამარჯვებას?
იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ჩვენთვის უდიდეს დატვირთვას ატარებდა. ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ტიერ 1-ის წარმომადგენელი. გასათვალისწინებელია, რომ ამ იტალიამ 6 ერზე უელსი დაამარცხა. დაპირისპირება ბათუმში შედგა - შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უმშვენიერეს ქალაქში. მატჩს 20,000 გულშემატკივარი დაესწრო და სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო სუფევდა. საქართველოში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება და "ბორჯღალოსნებს" უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ.
  • უკანასკნელ პერიოდში "ბორჯღალოსნებმა" დაამტკიცეს, რომ ხაზის მოთამაშეებსაც შეუძლიათ ბრწყინვალე თამაში და ქულების მოპოვება. ეს თქვენთვის გასაკვირია?
ჩვენი რაგბი ვითარდება და ბევრი რამ იცვლება. გასულ წელს, ამ ყველაფერში საფრანგეთიც დავარწმუნეთ, როდესაც ბორდოში გამართულ დაპირისპირებაში თავი გამოვიჩინეთ. მატჩის მთავარი არბიტრი ჩვენს მიმართ არც ისე სამართლიანად იყო განწყობილი და შესაბამისად, ასეთი სოლიდური სხვაობით (41:15) წაგებას არ ვიმსახურებდით. შემდეგ იყო ფიჯისთან ფრედ (15:15) დასრულებული ტესტ-მატჩი. ეს იყო ფიჯის უძლიერესი გუნდი, რომელსაც მხოლოდ რადრადრა აკლდა.
3424447-69874108-2560-1440

  • რას იტყვით სათამაშო სტილზე?
ამ მომენტისათვის, წინ გაცილებით უფრო ნაკლებად ეფექტურები ვართ ვიდრე უკან. ჩვენი ხაზის მოთამაშეები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებიან. საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგ მათ ბრწყინვალედ ითამაშეს. ხაზის მოთამაშეებმა იდეალური ლელოებიც დადეს, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.
  • როგორ ახსნით ქართული რაგბის განვითარებას?
თავდაუზოგავად ვშრომობთ და ტიერ 1-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო დონეზე რეგულარულად ვუპირისპირდებით. გარდა ამისა, ქართული რაგბი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან - ბიძინა ივანიშვილთან ვალშია. მან სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი დოლარი გაიღო - ააშენა ახალი სტადიონები, სავარჯიშო მოედნები და მოაწყო ინფრასტრუქტურა. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ.
  • ახლა თქვენს შესახებ გვიამბეთ. იყო თუ არა მოედანზე მოთამაშე, რომლის წინააღმდეგ ყოფნაც არ გსურდა?
ყველა მორაგბე, რომელიც ტოპ 14-ში ასპარეზობს ძალიან ძლიერია, თუმცა, უკან არასდროს დამიხევია. იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი.
  • რომელიმე მოთამაშეს თუ ეშინოდა თქვენი?
უმჯობესია ეს კითხვა მათ დაუსვათ. (იცინის)

  • როგორი ურთიერთობა გქონდათ არბიტრებთან?
კარიერის ბოლოს, პროფესიონალური თვალსაზრისით ყველა მათგანთან ძალიან კარგად ვიყავი. "ტულონში", ბერნარდ ლაპორტმა დისციპლინის მხრივ ბევრად წინ წამწია. შესაბამისად, ზედიზედ 5-6 მატჩში უმცირესი ჯარიმაც კი არ მიმიღია.
  • გახსოვთ საფრანგეთში გატარებული პირველი დღე?
"მონპელიეში" 2005 წელს ჩამოვედი. მაშინ 21 წლის ვიყავი. საწყისი 3 წელი ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა. საფრანგეთმა ძალიან ბევრი რამ მომცა. "მონპელიე" და "ტულონი" არასდროს დამავიწყდება.

სხვა სტატიები