Belive

ინგლისის რაგბის კავშირმა ედი ჯონსი გაათავისუფლა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედი ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ სპეციალისტს სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს.

შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართული ტესტ-მატჩების ჩაგდება - განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხი (13:27) ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯონსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ედი ჯონსი "წითელი ვარდების" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა. მისი მეთაურობით ინგლისი სამჯერ გახდა 6-ერის გამარჯვებული (2016, 2017, 2020) აღსანიშნავია, რომ 2016-ში ინგლისელებმა "გრანდ სლემით" გაიმარჯვეს. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ჯონსის გაწვრთნილი ინგლისი ფინალში სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.

უკანასკნელ 6 მთავარ მწვრთნელს შორის, ედი ჯონსს მოგებათა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. მისი მეთაურობით ინგლისმა ჩატარებული მატჩების 73% მოიგო.

ავსტრალიური და ინგლისური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ ედი ჯონსის სამსახურით საქართველოს რაგბის კავშირი იყო დაინტერესებული და მას "ბორჯღალოსანთა" მომავალ მთავარ მწვრთნელად ასახელებდნენ, მაგრამ, იოსებ ტყემალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც ედი ჯონსია, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი განახლება არ ყოფილა".

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამართვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი - აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონსის გათავისუფლება შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი იყო - თუმცა, ავსტრალიელი არ არის ერთადერთი, რომელიც პოსტს ნაადრევად დაემშიდობა. უელსის რაგბის კავშირმა უეინ პივაკი გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ უორენ გატლანდი დანიშნა. შეიძლება ითქვას, რომ პივაკს საქართველოსთან მარცხი არ აპატიეს!

სხვა სტატიები