Belive

ხობის საკვირაო სკოლა და ქართულ-ავსტრალიური მეგობრობა

3 წლის წინ რაგბი
5 წთ
2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 7-ქალა რაგბში შარლოტ ქესლიკი, "ხობის საკვირაო სკოლას" დაუმეგობრდა და ცენტრალური გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად 1000 დოლარი გამოუგზავნა.
დაუღალავი ენთუზიასტი
"ხობის საკვირაო სკოლა", ჟურნალისტის, რაგბის დაუღალავი ენთუზიასტის და მოყვარული მორაგბის ლევან ჯობავას ინიციატივით, მისსავე საცხოვრებელ სახლში 2020 წლის ზაფხულს ამოქმედდა. მანამდე ჯობავას ინიციტივით რამდენიმე წარმატებული, სოციალური პროექტი განხორციელდა. 2015 წლიდან, ლევან ჯობავა მეგობრებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში დადიოდა და ადგილობრივ ახალგაზრდებს რაგბის ღირებულებებს აცნობდა. "ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში", "რაგბი აქაურობას" და ომის ვეტერანი შვილებისთვის მოწყობილი შეკრებების შემდეგ, ლევანმა გადაწყვიტა, რომ ერთჯერადი აქტივობები საკმარისი არ იყო და "ხობის საკვირაო სკოლის" იდეა გაჩნდა.
333333
"უბრალო ადამიანების დახმარებით, რომლებიც იდეას უდგანან მხარში, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. ფინანსების არქონის გამო არცერთი ჩვენი პროექტი არ ჩავარდნილა. ასე იყო და არის "ხობის საკვირაო სკოლის" შემთხვევაშიც, რომლის მიზანი რეგიონში გარემოს გაუმჯობესებაა. მეგობრების დახმარებით გავარემონტეთ სახლი, ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა – 7900 ლარი ერთ თვეში შეგროვდა, თუმცა ალექსი ჩიქოვანმა გვაჩუქა კომპიუტერები, რაგბის კავშირმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ლეპტოპი, მეგობრებმა პროექტორი და ეს თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯა" – გვიყვება ჯობავა. "ხობის საკვირაო სკოლაში" ბავშვები და მოზარდები ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. მათთან შესახვედრად ჩადიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წარმატებული ადამიანები და უზიარებენ გამოცდილებას, იმართება ტურნირები სხვადასხვა სპორტის სახეობებში. აღსაღნიშნავია, რომ ლევან ჯობავას პროექტები – რაგბი მიგვაქვს მთაში და რაგბი აქაურობას – არც მსოფლიო რაგბს გამორჩენია და მის შესახებ, სარაგბო სამყაროს ქართულ რაგბზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც უამბო.
ჯობავა და ქესლიკი
ლევანმა შარლოტ ქესლიკის თამაში პირველად 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისას ნახა:
"ერთ-ერთ ეპიზოდში შარლოტმა ნახტომში დაიჭირა ბურთი და მაგარი ლელო გაიტანა. მისი თამაშით ისე მოვიხიბლე, რომ სალაღობო პოსტების მიძღვნა დავიწყე. ის ავსტრალიაში უამრავ სოციალურ აქტივობაშია ჩართული, ხვდება ბავშვებს და ერთ დღეს სოციალურ ქსელში გავაზიარე პოსტი – შარლოტი ბავშვებთან და მე ბავშვებთან ერთად. ეს პოსტი შარლოტმაც გააზიარა წარწერით, რომ ეს მოხალისე თავის ქვეყანაში ბავშვებს ეხმარება და მას მაქსიმალურად დავეხმარებიო. ჩემთვის მოულოდნელად, მან გამომიგზავნა ხელმოწერით დამშვენებული ავსტრალიის ნაკრების კვართი, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ეცვა".
ზამთრის დადგომასთან ერთად, აუცილებელი გახდა "ხობის საკვირაო სკოლის" გათბობის სისტემით აღჭურვა. რეგულაციების თანახმად, სივრცეში, სადაც ბავშვები იკრიბებიან, გაზის გამათბობლების დამონტაჟება აკრძალულია და აუცილებელი გახდა ცენტრალური გათბობის გაყვანა. ჯობავამ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ხარჯთაღრიცხვით, მალე კი უცნობისგან შეტყობინება მიუვიდა:
"შარლოტის მამა მწერდა, ჩემმა შვილმა მითხრა თქვენს შესახებ და რითი შემიძლია დაგეხმაროო. რომ ვუთხარი რასაც ვაპირებდით დახმარებას დამპირდა. მალე ჩვენს ანგარიშზე 1000 დოლარი დაჯდა, რომელიც შარლოტის რეკლამიდან მივიღეთ და შევიძინეთ გათბობის ქვაბი. მალე ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი მორაგბე გამოგვეხმაურა და 300 ევრო ჩაგვირიცხა, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ინიციატივაში ჩაერთო პატარძეულის ‘ვეფხვები’, რომელმაც დიდი 10-ის სხვა გუნდებიც გამოიწვია და დარწმუნებული ვარ, მალე "ხობის საკვირაო სკოლას" ცენტრალური გათბობა ექნება“ – ამბობს ჯობავა და მადლობას უხდის ყველას, ვინც მუდამ მზადაა "ხობის საკვირაო სკოლას" მხარში ამოუდგეს: "ოვალური სამყაროს და უბრალო ადამიანების მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და ამისათვის ყველას მადლობას ვუხდი. რაც უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს საზოგადოება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე დიდი პატივია, რომ მხარში გვიდგას მსოფლიო დონის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი დიდი გულშემატკივარია". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი