Belive

ლაშა ხმალაძე | რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის

3 წლის წინ რაგბი
6 წთ
ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე ეროვნულ ნაკრებში 12 წლის წინ 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა. მას ყველაზე მეტი, 83 კეპი აქვს იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ. რეკორდსმენის განვლილი გზით "მსოფლიო რაგბი" დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა: საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა "ალაფაზე" ნათამაშევი მორაგბეებიდან ყველაზე მეტი ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. 2008 წელს ჩილეში გამართულ პირველ "ალაფაზე" უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა ხმალაძეს დარჩა შეგრძნება, რომ გუნდს მეტის მიღწევა შეეძლო. ის იყო ერთ-ერთი იმ ცხრა მორაგბიდან, რომლებმაც შემდგომში ეროვნულ ნაკრებში, უმაღლეს დონეზე ითამაშეს. 32 წლის სპორტსმენი ფიქრობს, რომ იმ წელს "ალაფის" თასზე შეიძლებოდა საქართველოს სახელი ამოეტვიფრათ და არა მომავალი გამარჯვებული ურუგვაის, რომელთანაც უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალში დამარცხდნენ. საქართველომ "ალაფა" 7 წლის შემდეგ მაინც მოიგო. იმ დროს ხმალაძე უკვე იყო ავტორიტეტული საერთაშორისო მოთამაშე: "ძალიან კარგად მახსოვს ჩილეს ტურნირი. ჩვენ გვყავდა კარგად დაბალანსებული გუნდი და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთადერთი ჩვენი მეტოქე ურუგვაი იყო, რომელსაც ნახევარფინალში შევხვდით და დავმარცხდით. მერე ვფიქრობდით, რომ მათთან კიდევ 10-ჯერ რომ გვეთამაშა, 9-ს მოვიგებდით, მაგრამ ზუსტად ესაა რაგბი. გადამწყვეტ მომენტში ის ერთი კონკრეტული შეხვედრა დავთმეთ და განმეორების შანსი არ გვქონდა". "მარტო ერთი მორაგბე თამაშს ვერ იგებს. გუნდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განწყობა, განწყობა კი ნერვიულობა არ არის. ჩემი აზრით, იმ დღეს ყველანი ძალიან ვნერვიულობდით და სწორედ ამის გამო დავუშვით ბევრი შეცდომა. გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის სხვანაირი განწყობა უნდა და ნერვიულობას სხვა მიმართულება უნდა მისცე". ხმალაძემ ჩილეში ოთხი ლელო გაიტანა და მალე მოხვდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მისი დებიუტი ჩილედან დაბრუნებიდან ორ თვეში, "მსოფლიო რაგბის ერთა თასზე" "განვითარებად სამხრეთ აფრიკასთან" შედგა. "2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გუნდში ახალი მწვრთნელები მოვიდნენ – ტიმ ლეინი და ლევან ცაბაძე, რომლებმაც გაფართოებულ რაზმში ჯერ კიდევ ზამთარში დამიძახეს. გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად ვივარჯიშე და გამომიშვეს. არ ველოდი ამის შემდეგ ასე მალე თუ დამიძახებდნენ, მაგრამ შანსი გამოვიყენე და ეტაპობრივად, ეროვნულ გუნდში ადგილი დავიმკვიდრე" – იხსენებს ხმალაძე. 12 წლის განმავლობაში მან 83 კეპი მოიხვეჭა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია 20-წლამდე "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის. მსოფლიო თასის 3-გზის მონაწილეს არასდროს დავიწყებია რამდენად დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში გატარებულმა პერიოდმა მის განვითარებაში.
ბავშვობის ოცნება "ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა ამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ სიხარულს და განცდას, რაც ნაკრებში ბიჭებთან ურთიერთობით მივიღე. იმდენად დიდ ემოციას ვიღებ, რომ სიტყვებით რთული გადმოსაცემია. ყველა ეტაპზე მიწევდა ახალი გამოწვევების გადალახვა და ვიღებდი ახალ გამოცდილებას. ყველა მოგება თუ მარცხი მაძლევდა დამატებით ცოდნას, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა. ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილება ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში". 20-წლამდელთა "ალაფისა" თუ თასის მონაწილეებიდან საქართველოს ნაკრებში 47 მორაგბე დაწინაურდა და ეს ტრადიცია გრძელდება. ხმალაძე ამ პროცესს მიესალმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა ნაკრებში მისი კონკურენტი ხდება. "საქართველოს ნაკრები ჩვენით არ დაწყებულა. ჩვენამდე აქ არაერთი დიდი მორაგბე თამაშობდა, რომლებმაც გუნდში თავისი სიტყვა და ტრადიცია დატოვეს. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა და ერთი დიდი ოჯახი ყალიბდება. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ წევრს, მიუხედავად იმისა, 20-წლამდელთა ნაკრებიდან მოვიდა თუ არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებში არ უთამაშია". მოთამაშეები, რომელთაც უნდა ვუყუროთ მგეზავი თედო აბჟანდაძე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ახალგაზრდა მორაგბეების ეროვნულ გუნდთან შერწყმა. ხმალაძე ფიქრობს, რომ 20-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება: "ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა 20-წლამდელთა კაპიტანი დემე თაფლაძე კარგია დაცვაში და ეფექტური შეტევაში. ასევე სანდრო სვანიძე, რომელიც მუდამ ახერხებს უპირატესობის მოპოვებას და აკაკი ტაბუცაძე, რომელიც ძალიან სწრაფია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევს, რომ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს. ამ მორაგბეებს მოტივაცია არ აკლიათ და თუ ბევრს იშრომებენ, დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევენ". ხმალაძე ჯერ არ ფიქრობს საერთაშორისო კარიერის დასრულებას და მისი მზერა 2023 წლის მსოფლიო თასისკენაა მიპყრობილი: "მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდს 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაში დავეხმარო და მეც ვიყო ამ გუნდის ნაწილი. ამ ეტაპზე ეს ჩემი ცხოვრების მიზანია". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები