Belive

ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

კარდიფში უელსთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსანი ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ.

ტოპ 14-ის მე-11 ტურში ლელო ორმა ჩვენებურმა გაიტანა – ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმა, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მ კი, გიგაშვილთან და ნინიაშვილთან ერთად, ტურის სიმბოლურ გუნდში ბექა გორგაძეც შეიყვანა.

‘ტულონი’ ‘სტად ფრანსეს’ პარიზში ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 0:9 ჩამორჩა. ბექა გიგაშვილმა, რომელიც სტუმართა ძირითადში იყო, რაქიდან აიტაცა ბურთი, მცველს 3 მეტრით უკან დაახევინა და 56-ე წუთზე პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ის 58-ე წუთზე შეცვალეს, სტუმრებმა კი თამაში 17:12 მოიგეს. ‘სტად ფრანსეს’ ძირითადში იყო გიორგი მელიქიძე, 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 75-ეზე კი შეცვალეს.

‘ლიონმა’ ლიდერი ‘ტულუზი’ მიიღო და 21:14 დაამარცხა. ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს და ორივემ კარგი თამაში აჩვენა. 47-ე წუთზე ნინიაშვილმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, 5-მეტრიან წყვეტილთან სიბრტყეზე მიიღო ბურთი, თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

‘პომ’ ‘ბრივს’ უმასპინძლა, სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 22:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ და ის გამორჩეული იყო. თამაში ძირითადში დაიწყო და 52-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე. სტუმართა შორის პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ვანო კარკაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე ასევე 52-ე წუთზე შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დებიუტში კაცნაკლული დარჩა, ‘მონპელიემ’ დასკვნით მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ‘ბეიონი’ 35:14 დაამარცხა. სტუმართა ძირითადში იყო და 47 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

ბონუსით, 53:7 დაამარცხა ‘ლა როშელმა’ ‘კასტრი’. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 51-ე წუთზე გამოჩნდა ალექსანდრე ქუნთელია. სტუმართა შორის 66-ე წუთზე გამოჩნდა ლევან ჩილაჩავა.

‘ბორდო’ ‘პერპინიანს’ ეწვია და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ 20:23 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა ლექსო ყაულაშვილი.

‘რასინგ 92’-მა ‘კლერმონი’ მიიღო და ბონუსით, 46:12 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, ხოლო სტუმართა რიგებში 49-ე წუთზე გამოჩნდა დუდუ ქუბრიაშვილი.

ფოტო: IconSport

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები