Belive

ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა.

‘ბრივმა’ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება ‘ბეიონთან’ იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალი აიტაცა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. ‘ბრივმა’ მისი წყალობით ტაიმი 18:3 მოიგო. გამარჯვებულთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა ვანო კარკაძემ. სტუმართა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კოტე მიქაუტაძე.

‘ტულონმა’ სტუმრად ‘პოს’ საწყის 30 წუთში 4 ლელო გაუტანა და 31:10 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 34:17 მოიგო. სტუმართა ფორვარდები საწყის წუთებში დომინირებდნენ და 18 წუთში სამი ლელო გაიტანეს. მესამე ლელო ბექა გიგაშვილის ანგარიშზეა. მან 51-ე წუთამდე ითამაშა, მე-18-ზე მოლს მოწყდა და ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბექა გორგაძე (50-ე წუთზე შეცვალეს) და გურამ პაპიძე (51).

‘სტად ფრანსემ’ გიორგი მელიქიძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ბორდოში ნუგეშ ქულა მოიპოვა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა, გაწითლებულ დროზე კარის წინ რაქიდან შეუტია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 10:15. პარიზელთა პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა 18 წლის ბურჯმა სერგი აბრამიშვილმა. ის შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა. ‘ბორდოს’ განაცხადში იყო და ასევე 66-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

‘კლერმონმა’ ‘ლიონს’ უმასპინძლა და ბონუსით, 43:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 71-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა. სტუმართა რიგებში 51-ე წუთზე გამოჩნდა ბექა საღინაძე.

‘პერპინიანმა’, რომლის შემადგენლობაში 48-ე წუთიდან გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, ‘კასტრი’ 14:10 დაამარცხა.

‘ლა როშელთან’ სტუმრად 19:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა ‘რასინგ 92’, რომლის შემადგენლობაში 51-ე წუთზე ორი ქართველი ბურჯი – გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი გამოჩნდნენ.

ლიდერ ‘ტულუზთან’ საკუთარ მოედანზე 17:19 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა ‘მონპელიე’. მასპინძელთა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.

ფოტო: CA Brive

წყარო: Rugby.ge

სხვა სტატიები