Belive

ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო

2 წლის წინ რაგბი
5 წთ
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო.
ტოპ 14
ტოპ 14-ის მე-8 ტურში "პო" კლერმონს" ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა გორგაძე სტუმართა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. ორი "ქართული გუნდის" დაპირისპირებაში "ბიარიცმა" "ბრივი" მიიღო და ბონუსით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი – ისინი ერთდროულად, 56-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნუცუბიძე კი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. "ბრივის" ძირითადში იყვნენ ვანო კარკაძე (64-ე წუთზე შეცვალეს), ლუკა ჯაფარიძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ვასილ ლობჟანიძე (48-ე წუთზე შეცვალეს), ჯაფარიძემ მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. "ბორდომ" "პერპინიანი" მიიღო და ბონუსით, 39:13 სძლია. გამარჯვებაში წვლილი ლექსო ყაულაშვილსაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ეს ჯინჭარაძისთვის სადებიუტო მატჩი იყო ტოპ 14-ში. "სტად ფრანსემ" "ლიონს" პარიზში 23:18 აჯობა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს და ვასილ კაკოვინი 57-ე, ხოლო გიორგი მელიქიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ნინიაშვილმა. "რასინგ 92"-მა "მონპელიე" მიიღო და 21:32 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 49 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი. აქედან სამ წუთში პარიზელების მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა. "კასტრი" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და უშანსოდ, 0:41 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. "ტულონმა" მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. "ლა როშელმა" სტუმარი ბონუსით, 39:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თამაში "ტულონის" ძირითადში, კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თამაშში დაბრუნდა.
პრო დე2
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეორე ლელო გაიტანა. მისი "ორიაკი" "აჟენს" ეწვია და 21:25 დამარცხდა. ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და ლელო, რომლითაც მისმა გუნდმა ნუგეშის ქულა მიიღო, 76-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და ის 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. ულელოო მატჩში "მონტობანმა" "მონ-დე-მარსანი" 21:18 დაამარცხა. მირიან ბურდულმა გამარჯვებულთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ლაშა მაჭარაშვილი კი სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან გამოჩნდა. გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით "ბეზიემ" "კოლომიე" 16:15 დაამარცხა. "ბეზიეს" მარქაფაში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ. "ბაიონმა" "პროვანსს" ბონუსით, 47:19 მოუგო და სატურნირო ცხრილს 29 ქულით, "მონ-დე-მარსანთან" ერთად ლიდერობს. ბასკთა შორის შეცვლაზე უკვე მე-2 წუთზე შევიდა კოტე მიქაუტაძე, მე-14 წუთზე მოედანი დატოვა და 46-ეზე თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლუკა ჭელიძე და 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. ბექა კაკაბაძის "ოიონა" "რუანს" ეწვია და 16:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60-ე წუთზე შევიდა. ვაჟა კაპანაძის "ბურგ-ან-ბრესმა" დაძაბულ ბრძოლაში ‘ნარბონს’ 36:33 მოუგო. ქართველი ბურჯი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. ფრედ 21:21 დასრულდა "ნევერისა" და "გრენობლის" შეხვედრა. მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი გავიდა. "ნევერის" ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე. "გრენობლმა" 57 წუთი ათამაშა ზურაბ ჟვანია, ხოლო ილია კაიკაციშვილი 62-ე წუთზე შეცვალა. ფოტო: Stade Aurillacois წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები