Belive

ლევან მაისაშვილი: "ამ გამარჯვებით მომავალში ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გვექნება..."

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების შესახებ სულ უფრო მძაფრად აპელირებს. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დროა 6 ერის დახურული კარი საქართველოსთვის გაიღოს. „ბორჯღალოსნებმა“ პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს - „საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას". მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა განაცხადა:
"გამარჯვებას ველოდებოდით, ვგეგმავდით კი ნამდვილად და გუშინ უიმედოდ ნამდვილად არ ვიყავით. ძალიან სასიამოვნოა ასეთი თამაშის შემდეგ თქვენთან ჟურნალისტებთან საუბარი.  რთული იყო, რთულია დაგეგმო იტალიასთან მოგება და შეასრულო. ამ კვირაში რა შრომაც ჩავდეთ ამ თამაშისთვის, ეს ყველაფერი დაგვიფასდა და ძალიან ბედნიერები ვართ. ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდ გუნდებთან ასე თამაში. "რაგბის მამები" უნდა დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ასეთი მაღალი დონის რაგბის თამაში მსოფლიოში მხოლოდ 10 ნაკრებს არ შეუძლია. ამ გამარჯვებით ჩვენ, მომავალ მატჩებში ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გვექნება და ეს უკვე წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. 2018 წლის მატჩში იტალიასთან დამარცხების შემდეგ ძალიან რთული გზა გავიარეთ. პირველრიგში იყო თაობათა ცვლა, რომელმაც უკვე ჩაიარა და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებულადაც. დღეს თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი ასეთი რამ: "დღეს ის დღე არ არის, რომ ტაბლოს არ შევხედავთ. დღეს ჩვენ გამარჯვება გვჭირდება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტაბლოზეც". - გამოვიდნენ და ბიჭებმა დაგვიმტკიცეს, თუ რა შეუძლიათ, ნებისმიერი მეტოქის წინაშე, მადლობა მათ ამისთვის".   
მერაბ შარიქაძე: 
"იმედი და გეგმა გვქონდა, როგორ უნდა მოგვეგო იტალიისთვის, გავედით და მოვიგეთ. არ მახსენდება მე არცერთი თამაში, განსაკუთრებით საქართველოში ჩატარებული, სადაც გულშემატკივარი ასე აქტიურობდა. საოცრება იყო, ალბათ ამ დღეს მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამაყით ვატარებ. მე არ მიყვარს მატჩამდე ბევრი საუბარი, იტალიელები მატჩის წინ  საჯაროდ, პრესკონფერენციებზე ამბობდნენ, რომ აუცილებლად მოვიგებთო. ბედნირი ვარ, რომ ამაზე პასუხი თამაშით გავეცით. ძალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ამ თამაშში მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ვგრძნობდით ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას რომ გულშემატკივარისთვის ამ ისტორიულ მატჩში გული არ დაგვეწყვიტა. ჩვენ იმ ხალხის მისია, ვინც რაგბი დღევანდელ დღემდე მოიტანა, შევასრულეთ".   

სხვა სტატიები