Belive

ლევან მაისაშვილი - გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. "ავივაზე" გამართულ ბრძოლაში "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად იასპარეზეს და ძლევამოსილ მოწინააღმდეგ ღირსეულად დაუპირისპირდნენ. მძიმე ბრძოლაში განცდილი მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვთნელმა - ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება. "კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ექვსი ერის გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ თუმცა წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება". "დაცვაში ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ მეტოქეს შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით".
Cj Stander is tackled by Mikheil Nariashvili, Shalva Mamukashvili and Merab Sharikadze 29/11/2020
"გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო ჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს". "ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს ჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი ფოტო: © INPHO PHOTOGRAPHY by TrySportimages  

სხვა სტატიები