Belive

ლევან მაისაშვილი: ,,პირველი ტაიმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა''

7 თვის წინ რაგბი
3 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, ავსტრალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრეს:

მერაბ შარიქაძე - სწრაფი ლელო მაინცდამაინც ასე დიდად არ ცვლის ხოლმე თამაშს და არც უნდა შეცვალოს.  ჩემი აზრით, გარდამტეხი მომენტი პირველ ტაიმში იყო ის, რომ ბევრჯერ დავჯარიმდით, მოწინააღმდეგე კი თითქმის არ დაჯარიმებულა. მეორე ტაიმში უკეთ თამაში შევძელით, ყოველ წამს არ ვჯარიმდებოდით. პირველ ნახევარში ჯარიმებისთვის თავი რომ აგვერიდებინა, სხვა თამაში იქნებოდა.

არ მიყვარს ხოლმე ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, უფრო არ გაგვიმართლა. იყო რამდენიმე მომენტი როცა ჩათვლის მოედანში რამდენიმეჯერ დაგვივარდა ბურთი, ავსტრალიას გავუჭერით ხაზი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და შეტევა ტექნიკური წუნის გამო ვერ დავასრულეთ, იმედი მაქვს, ეს წუნები აღარ გვექნება.

 

ლევან მაისაშვილი - დისციპლინის პრობლემა მოდის არასწორი თამაშიდან. ეს არ იყო მხოლოდ უდისციპლინო თამაში, ორჯერ გაგვექცა ემოცია და ყვითელი ბარათიც მაგიტომ ავიღეთ. მაგრამ თუ შევხედავთ პირველ ტაიმს, ფეხით თამაში წავაგეთ, ყოველ ჯერზე სუსტად გავედით, ასეთი სწრაფი უკანახაზელების ფონზე, ბუნებრივია, ეს დასჯადია. თუ გაიხსენებთ კარგად, პირველ ტაიმში ყოველ ჯერზე ან სუსტად ვარტყამდით ფეხს ან კარგ კონტრშეტევას ვაძლევდით, შესაბამისად, როდესაც მოწინააღმდეგე წნეხში გაგდებს, იქ ჯარიმის არიდება ძალიან რთულია. ასე რომ, დისციპლინა ცოტა პირობითი ნათქვამია, უდისციპლინობას არასწორად თამაში განსაზღვრავს. მთელი ინიციატივა მეტოქეს მივეცით და ასეთ სიტუაციაში თვითონ ჩავიგდეთ თავი. კარგი ის არის, რომ მეორე ტაიმში თამაშში დავბრუნდით, ცოტა არ გაგვიმართლა, რადგან ლელო უნდა დაგვედო, ვიჩქარეთ და დავისაჯეთ. დასაფასებელია ბიჭების თამაში, ხელები რომ არ ჩამოყარეს და ამის შემდეგ ლელოს დადება კიდევ შევძელით. საბოლოო ჯამში, მინიმუმ 3 ლელო ხელიდან გავუშვით. გარდა იმისა, რომ პირველ ტაიმში მეტოქემ ქულები აიღო, დიდი ენერგიაც დავხარჯეთ. როცა მოწინააღმდეგე ასე გეთამაშება, 12 ჯარიმა ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ თამაშში 8-9 ჯარიმაზე მეტი არ მივიღოთ.

 

თავდაჯერებულობა არცერთ ეტაპზე არ დაგვკლებია, პირველი ტაიმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, არავის არ აქვს იმის მიზეზი, რომ თავი დახრილი ჰქონდეს. ანალიზის დროა, შემდეგი თამაში გვაქვს. რაც მოხდა, ის მხოლოდ ანალიზისთვის გვჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო, რომელიც თავისი თამაშით კიდევ ბევრს გააკვირვებს. ასე რომ თავდაჯერებულობა არ გვაკლია. ახლა შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები