Belive

ლევან მაისაშვილისა და მერაბ შარიქაძის კომენტარები იტალიასთან მატჩის წინ

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
10 ივლისს, “ბორჯღალოსნები” ისტორიულ ტესტ-მატჩს იტალიის წინააღმეგ გამართავენ. შეხვედრა ბათუმში „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - მერაბ შარიქაძემ, მოახლოვებულ უმნიშვნელოვანეს მატჩზე ისაუბრა. ლევან მაისაშვილი
"ყველა ჩვენგანი ფიზიკურ/ძალისმიერ თამაშს ელოდება და ხვალ ყველაფერს დავინახავთ. ძირითადად რაზეც ვიმუშავეთ, იყო მცირედი დეტალებიც კი, რომელსაც თამაშის მოგება შეუძლია. ხვალ თუ ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ, იქნება პრეცედენტი, რომ დავამარცხეთ Tier 1-დონის ქვეყანა. ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ თუ ხვალ მოვიგებთ, შევალთ 6-ერში, თუმცა ხვალ გამარჯვება ჩვენს დიდ წინსვლას გააგრძელებს და ჩვენს დასახულ მიზნებს მიგვაღწევინებს. ჩვენი მიზანია ამ გამარჯვებით დავამტკიცოთ, რომ უფრო ხშირად ვიმსახურებთ Tier 1-ის ქვეყნებთან თამაშს.  ჩვენ შეგვიძლია, დიდი გული გვქონდეს, თუმცა მხოლოდ დიდი გული ამ თამაშს ვერ მოიგებს. მთავარია, რომ დავუშვათ ნაკლები შეცდომა და ჩვენი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.  მთავარია, რომ დაძაბულები არ ვართ, ნერვიულობით ნამდვილად ვნერვიულობთ, თუმცა ეს ნერვიულობა მსაჯის სასტვენისთანავე და პირველი კონტაქტისთანავე მოიხსნება.  კოტე მიქაუტაძე ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, მან აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში მიიღო ტრავმა, თუმცა რას ვიზამთ. ვფიქრობთ, რომ მისი ტრავმა ძალიან დიდხნიანი არ არის, თუმცა ხვალინდელ მატჩში მისი არყოფნა დიდი დანაკლისია".
მერაბ შარიქაძე
"ვფიქრობ, რომ ფანტასტიკურად მოვემზადეთ, ფიზიკურად კარგად ვართ, ჩვენს შეცდომებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ყვეალფერი შედეგს ხვალ გამოიღებს. ბათუმის სტადიონი საოცარია, ძალიან მომეწონა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხით სავსე ეს სტადიონი უდიდეს მუხტს მოუტანს ჩვენს ნაკრებს. მარტივი არ იქნება იტალიასთან მოგება... დიდი წნეხი გვაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ წნეხთან გამკლავებას შევძლებთ და პასუხისმგებლობა, რომელიც ხვალინდელ მატჩში გვექნება დაგვეხმარება გამარჯვებაში". 

სხვა სტატიები