Belive

Live.ge-ს იაპონური დღიურები – დღე II

4 წლის წინ რაგბი
5 წთ
მოსმენილს ნანახი სჯობსო, ძველებს უთქვამთ. მართლაც ასეა, ის რაც დღეს ჩვენ საქართველო - ურუგვაის მატჩზე იაპონიაში ვიხილეთ ნამდვილი სარაგბო ზეიმი იყო, თანაც ისეთი, როგორიც სწორედ ამ ერს შეეფერება. მივყვეთ თავიდან. დილა ცარიელი ტოკიოთი დაიწყო, თუმცა საქართველოს დროშებით ქუჩაში სიარულმა თავისი გაიტანა და ერთ-ერთი ადგილობრივი დიდი სიყვარულით მოგვესალმა, რაღა თქმა უნდა ახსენა ტოჩინოშინიც, ქართველი ოძეკი ამომავალი მზის ქვეყანაში მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
  მატჩამდე 5 საათით ადრე კუმაგაიას გზას დავადექით. დღევანდელი მატჩის მასპინძელი ქალაქი ტოკიოდან 70 კილომეტრშია და 200 00 ადამიანის საცხოვრებლად ითვლება. გამართული სატრანსპორტ სისტემა ტოკიოს კუმაგაიასთან დაკავშირების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს. მეტროს ლაბირინთებში დაკარგვისა და უამრავი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა სწორ ხაზს მივაგენით და შიდა მატარებლით კუმაგაიასკენ გავეშურეთ. მგზავრობას დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი დასჭირდა. ფანჯარაში ცქერისას ერთმანეთს ენაცვლებოდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები და ქარხნები, იმდენი, რომ ჩემი წარმოდგენა იაპონიის ინდუსტრიულობაზე ერთი-ორად  გაიზარდა. თითოეულ გაჩერებაზე ვაგონებს ნელ-ნელა ურუგვაისა და საქართველოს ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივრები ავსებდნენ. მათ შორის ბევრი იაპონელიც. საქართველოს დროშები ყურადღებას იქცევდა და იაპონელებიც თბილად გვესალმებოდნენ. კუმაგაიაში ჩასვლისას სადგურშივე იგრძნობოდა რომ ეს ქალაქი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობს, ბილბორდები, ფლაერები, ადგილზე მობილიზებული მოხალისეები, ქართულად რომ გამარჯობას არ გვაკლებდნენ. რამოდენიმე იაპონელმა ჩვენთან ფოტოებიც გადაიღო. მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი რეაქცია რომ პირველი ქართული წარწერა რომელიც ვიხილეთ კუმაგაიას სადგურის გარეთ არსებული იეჰოვას მოწმეების სტენდზე განთავსებული უამრავი ქართული ლიტერატურა გახლდათ.  
  გულშემატკივარს სადგურიდან სტადიონამდე მანძილის დაფარვა უფასო ავტობუსებით შეეძლო, თუმცა რიგი იმდენად დიდი იყო, რომ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ, ეს ცუდი იდეა აღმოჩნდა. კუმაგაიაში მაღალი ტენიანობა და ისეთი სიცხე დაგვხვდა რომ სუნთქვა ჭირდა. ტაქსში ჩასხდომის შემდეგ (ტაქსი იაპონიაში ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ თუ გსურთ ეკონომიურად მგზავრობა ამ სერვისს მაქსიმალურად ერიდეთ) კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ, ყველა ტაქსის მძღოლი კუმაგაიაში იაპონიის სარაგბო ნაკრების ფორმაშია შემოსილი. მძღოლთან საუბარი ტოჩინოშინით დაიწყო და გაგამარუთი დასრულდა, და ამასობაში კუმაგაიას პარკის ცენტრში განლაგებულ სტადიონს მივადექით, რომელსაც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6000-იანი ტრიბუნა დაუმატეს და ტევადობა 30 000-მდე გაზარდეს. მედია აკრედიტაციების მიღების შემდეგ, სტადიონის მიმდებარედ გულშემატკივარი ჩავწერეთ. ავსტრალიელი გულშემატკივრები რომლებიც რატომღაც ამ მატჩზე აღმოჩნდნენ (ავსტრალია დღეს ეთამაშა ტოკიოში უელსს) საქართველოს სამ ლელოს ვარაუდობდნენ, ხოლო მომავალი საქართველო - ავსტრალიის მატჩში მათი გუნდის 50-3 გამარჯვება ივარაუდეს. ულამაზესი ურუგვაელი გოგონა მომავალ მატჩში ფრეს წინასწარმეტყველებდა, ხოლო ქართველი გულშემატკივარი გამარჯვების იმედით იყო აღვსილი. ცალკე უნდა აღინიშნოს სტადიონის მომსახურე პერსონალი, მოგყვებოდნენ ყველგან და ბოლომდე, გიჩვენებდნენ ნებისმიერ ადგილს რომელიც გსურდათ და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა თხოვნის შესრულებას ცდილობდნენ, აქაც ბევრი არიგატო, გამარჯობა და მადლობა ისმოდა. ჟურნალისტთა ლოჟაში მხოლოდ 5 ქართველი ვისხედით, გასაკვირია მაგრამ ურუგვაელი ჟურნალისტი გაცილებით მეტი იყო. შეხვედრის პერიპეტიებზე აღარ დავწვრილმანდები, ყველამ ყველაფერი იხილა, სასიამოვნოა რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე თითქმის არ გააკარეს საკუთარ ნახევარს და ისიც რომ ქართველი გულშემატკივრის ომახიანი შეძახილები ხშირად გვესმოდა კუმაგაიას სტადიონზე.
  მატჩის შემდეგ გახარებული ქართველი მორაგბეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ნაკრებს თამაში ბევრად უკეთ გამოუვიდა ვიდრე ეს უელსთან მატჩში იყო. ყველა აუცილებელი საქმის დასრულების შემდეგ კი მედიის ავტობუსმა კუმაგაიას სადგურამდე მიგვიყვანა, იქიდან კი კვლავ ტოკიო. ცალკე საკითხია იაპონური ოჯახი, რომელიც მატარებელში დაგვიმეგობრდა, დედა, მამა და 2 შვილი, განსაკუთრებით ბიჭი, იუიტო, 6 წლის მორაგბე, რომელიც მინიმუმ 5-ჯერ მაინც მოვიდა ჩვენთან, ხან რას გვეუბნებოდა იაპონურად ხან რას, ბოლოს ჩვენ ქართველი მორაგბეების გამოსახულებით დაბეჭდილი დასამაგრებლები ვაჩუქეთ იუიტოს მან კი იაპონიის ნაკრების ფორმის მისამაგრებლები გვაჩუქა, თან გვიხსნიდა რომ ეს 8 ნომრიანი ფორმა ლელეი მაფის ეკუთვნოდა, 6 ნომრიანი მაიკლ ლიჩს და ასე შემდეგ. ბოლოს სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ბედნიერი დაგვემშვიდობა. იმედია იუიტოს წლების შემდეგ ასევე ვიხილავთ იაპონიის ნაკრებში. პირველი გამარჯვება მოპოვებულია, წინ კი ფიჯია რომელიც მიუხედავად ურთიერთშეხვედრაში მარცხისა, ურუგვაიზე ძლიერი ნაკრებია და სრული მობილიზაცია გვმართებს. იაპონური დღიურები კი გრძელდება და ხვალ ტოკიოს სხვა საინტერესო ადგილებზე მოგიყვებით.

დიტო დოლიძე სპეციალურად Live.ge-სთვის ტოკიოდან

სხვა სტატიები