Live.ge-ს იაპონური დღიურები – დღე IV

თვალებს რომ გაახელ და პირველი ცათამბჯენებს შორის მომზირალ მზის სხივებს რომ დაინახავ, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილს ცოტა გეუცნაურება, მაგრამ თუ ტოკიოდან ოსაკამდე ღამის ავტობუსს გაჰყევით და ტრანსპორტში ძილიც არ არის თქვენთვის უცხო მსგავს სცენას ნამდვილად იხილავთ.

ოსაკა პირველი დღის შთაბეჭდილებების შემდეგ მინი ტოკიოდ მეჩვენება. მინი თქო ვამბობ მაგრამ ქალაქში 2.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იმავე ტემპით როგორც დედაქალაქში. დილის 7-ზე ჩასულებს სადგურში უკვე გადარბენა დაგვხვდა, ყველა სამსახურში ზოგიც კი სკოლაში მიიჩქარის.

ყავისა და სასტუმროში ბარგის დატოვების შემდეგ,მწველ სიცხეში ოსაკას სასახლის მონახულების დრო დადგა. ულამაზესი ბაღითა და ტბით გარშემორტყმული ნაგებობა მე-16 მე-17 საუკუნეებს მიეკუთვნება და ნამდვილად ბევრის მნახველია. სასახლიდან შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება ოსაკაზე, შიგნით კი ისტორიული ექსპონატები და სხვადასხვა მოვლენისა თუ შენობის მაკეტებია განთავსებული.

სასახლეში ყოფნისას მილტონ ჰეიგის პრესკონფერენცია მოგვიახლოვდა და გეზი სწორედ იმ სასტუმროსკენ ავიღეთ სადაც ახალ ზელანდიელ მთავარ მწვრთნელს ფიჯისთან სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობა უნდა დაესახელებინა. სასტუმრო ცენტრიდან მოშორებით, შედარებით წყნარ ადგილზეა განთავსებული.

პრეკონფერენციაზე რამდენიმე ჟურნალისტი შევგროვდით,  მატჩზე კი მილტონ ჰეიგმა, დავით კაჭარავამ, კოკი თხილაიშვილმა და მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს. სასიხარულოა რომ ეს უკანასკნელი უკვე მწყობრშია და ფიჯის ძირითად შემადგენლობაში დაუხვდება. განწყობაც საბრძოლოა და რაღა თქმა უნდა ბორჯღალოსნები არაფრის დათმობას არ აპირებენ

სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ სასიამოვნო მოულოდნელობა შეგვემთხვა. ყავის დასალევად მიმავალი მილტონ ჰეიგი მეტროში დაგვემგზავრა. მთავარი მწვრთნელი საკმაოდ კარგ ხასიათზეა რაც მომავალი მატჩის წინ კიდევ უფრო დიდ იმედებს გვისახავს.

საღამოს ერთ საქართველოზე შეყვარებულ იაპონელს შევხვდი,  რომელსაც მეგობარმა დამაკავშირა. ჰიროკი საქართველოში სამჯერაა ნამყოფი და 3 ოქტომბერსაც ფაფახით უგულშემატკივრებს “ბორჯღალოსნებს”, და იმედია ჩვენი ნაკრების სტუმრობა მის უბანში წარმატებული გამოდგება.

ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ბოლო მოთელვა მთავარ მატჩამდე, იმედი გვაქვს სწორედ ხვალიდან შევა გადამწყვეტ ფაზაში ის მუხტი რაც “ბორჯღალოსნებში” უკვე იგრძნობა.

Live.ge-ს იაპონური დღიურები - დღე IV 1

 

დიტო დოლიძე სპეციალურად  Live.ge-სთვის ოსაკადან

(97)

Live.ge-ს იაპონური დღიურები – დღე IV

სტატიის ავტორი
-