Belive

Live.ge-ს იაპონური დღიურები - დღე V

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
დილა სასიამოვნო ამბით დაიწყო, გაირკვა რომ "ჰანაზონოს" სტადიონი სადაც ბორჯღალოსნები ფიჯის დაუპირისპირდებიან სასტუმროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და იქ მისვლაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. დღევანდელი დღე პირველი იყო როდესაც კაპიტნის ვარჯიშს დავესწარით. ამ დროს სტადიონის ტერიტორიაზე ცოტა ხალხია და საშუალება გაქვს ყველაფერს კარგად დააკვირდე. ტერიტორიაზე სამუშაოდ იდეალური პირობებია შექმნილი, ცალკე ფოტოგრაფებისთვის ცალკე ჟურნალისტებისთვის: ინტერნეტი, საკვები, მყუდრო სამუშაო სივრცე, ყველა საჭირო ინფორმაცია, და უამრავი მოხალისე, რომლებიც ცდილობენ ყველაფრით დაგეხმარონ. ვარჯიშების გადაღების საშუალება მხოლოდ 15 წუთით მოგვცეს, ზოგადად მატჩის მედია ოფიცრები საკმაოდ მკაცრი ხალხია და ზედმიწევნით იცავენ წესებს. "ბორჯღალოსნებმა" დერეფანზე და ფიზმომზადებაზე იმუშავეს, ხოლო ფიჯელთა ვარჯიში უფრო გართობას გავდა და სიცილ-კისკისი არ დაუკლიათ იქაურობისთვის მთასავით ფიჯელებს, ერთადერთი სემი რადრადრა ემზადებოდა მოედნის მეორე ნახევარზე სრული სერიოზულობით. სტადიონის ბალახი შესანიშნავ მდგომარეობაშია და მოედნის მწვანე ფერი შესანიშნავ კონტრასტს ქმნის ხასხასა წითელ ტრიბუნებთან, ხვალ ოსაკაში წვიმაა მოსალოდნელი რაც უფრო ჩვენს წისქვილზე უნდა ასხავდეს წყალს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტის კითხვაზე ფიჯელთა კაპიტანმა განაცხადა რომ მას ამინდის პროგნოზის სხვა მონაცემები აქვს. კუნძულელთა მთავარმა მწვრთნელმა ურუგვაისთან მარცხი გადაღლილობას მიაწერა, ხოლო კაპიტანმა ვაქანიბუროტომ  დასძინა რომ გუნდი ქართული შერკინების წინააღმდეგ დასადგომად განსაკუთრებით მოემზადა. რაც მთავარია საქართველოს ნაკრების ყველა მორაგბე იაზრებს მატჩის მნიშვნელობას და მზად არიან მოედანზე ყველაფერი დადონ, ეს ყველაფერი კი ხვალ დილიდან ჰიგაშიოსაკაში გამოჩნდება. "ჰანაზონოს" სტადიონი ალბათ ბოლო 4 წლეულის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები