Belive

ლუკა კობაური კარიერას TOP 14-ის გუნდში გააგრძელებს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

18 წლის ლუკა კობაური კარიერას, TOP 14-ის გუნდ "პერპირიანში" გააგრძელებს.

ლუკა 8 წლის იყო, როცა "ყოჩებში" დაიწყო ვარჯიში და ოვალური ბურთი პირველად დაიჭირა ხელში. თუმცა, მისი პროფესიონალური დებიუტი "აკადემიაში" შედგა. დიდ 10-ში ლუკამ მისი სადებიუტო ლელო, სწორედ "ყოჩების" წინააღმდეგ გაიტანა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ კობაური იმ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ მან წელს საქართველოში ჩატარებულ 18 წლამდელთა რაგბის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ის 13 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და გუნდში გამორჩეულიც იყო. ლუკას დებიუტი ასაკობრივ ნაკრებში ბელგიის წინააღმდეგ შედგა, სადაც საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა.

კობაური ტრადიციული სარაგბო ოჯახიდანაა. მისი ბიძა ვეტერანი ქართველი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძეა. მისი თქმით, სწორედ ბიძამისი იყო ვინც ოჯახში სარაგბო კულტურა შემოიტანა. მისი ძმაც, არჩილ კობაური მორაგბეა და საფრანგეთის ერთ-ერთ კლუბში თამაშობს.

ევროპის ჩემპიონატამდე18 წლამდელთა ნაკრებმა პარიზში მოსამზადებელი ტურნირი გამართა, როგორც ჩანს, ლუკა პირველად აქ შეამჩნიეს ფრანგებმა. როგორც მორაგბე იხსენებს, ერთ დღეს მისმა ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ "პერპირიანის" ტესტებზე უნდა გამგზავრებულიყო.

"საფრანგეთში ჩემი წასვლის მთავარი მიზანი ინდივიდუალური განვითარებაა. ეს მშვენიერი გამოცდილებაა იმისათვის, რომ რაგბის ახალ საფეხურზე გადავინაცვლო, რომელთანაც ჯერ შეხება არ მქონია. TOP 14 მაღალი დონის ჩემპიონატია და ძალიან მინდა, რომ გამორჩეული მოთამაშე გავხდე. საფრანგეთში წასვლით, სურვილების სიიდან ერთი კომპონენტი ამოვშალე. ჩემი სამომავლო მიზანი ეროვნული ნაკრების კვართის მორგება და იქ თავის დამკვიდრებაა."

10 ტურის შემდეგ, "პერპირიანი" საფრანგეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. ფრანგულ კლუბს ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება და ოთხი მარცხი აქვს.

სხვა სტატიები