Belive

მაისაშვილი: "ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ"

4 წლის წინ რაგბი
4 წთ
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთი 23:10 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში კარგი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს 23:5 მოუგეს, თუმცა მეორე ნახევარში ქულა აღარ მოუპოვებიათ. საპასუხოდ, ესპანელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს და მადრიდში, საკუთარი გულშემატკივრის წინ ტაიმი მოიგეს - 5:0. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გუშინდელი შეხვედრა შეაფასა. „თამაში კარგად დავიწყეთ და მთელი პირველი ტაიმი ბურთს ვაკონტროლებდით. გვქონდა შეცდომებიც, რომლის შედეგად მეტოქისგან აგრესიული კონტრშეტევები მივიღეთ, თუმცა დაცვამ კარგად იმუშავა. მოლში, რომლიდანაც ლელო მივიღეთ, ყურადღება მოვადუნეთ, მერე კი ამ კომპონენტშიც კარგად ვიმუშავეთ და მომდევნო მოლებში ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში მრავლად გქონდა მომენტები, როდესაც ქულა უნდა აგვეღო და ის ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის ნახევარზე ადვილად გადავედით და დასარტყმელი ჯარიმა მოვიპოვეთ. აქ მეტოქის დაუფასებლობა დაგვემართა, ვიჩქარეთ, ასაღები ქულა ვერ ავიღეთ და დაიწყო ჩვენი პრობლემები – დისციპლინა, ყვითელი ბარათი და აღმოვჩნდით წნეხში. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თამაში ვერ ვმართეთ და ესპანეთმა ის მიიღო, რაც თავად სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, მთლიანობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მოცემულობა“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს: „პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მინიმუმ 20 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ეს იყო ჭკუის სასწავლებელი მატჩი, რადგან ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ. ერთი წუთით არ იყო იმის საფრთხე, რომ სადავეები ხელიდან გაგვქცეოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მეტოქეს მეტად ჰქონდა ბურთი და მთელი ძალით ცდილობდა ჩამორჩენის შემცირებას. აი ეს მოსდევს სიჩქარეს და სისტემიდან ამოვარდნას. შეგვეძლო მინიმუმ 30 ქულით მოგვეგო და რატომ ვერ შევძელით ეს, დეტალურ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ“. ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართით პირველად ითამაშა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა აკაკი ტაბუცაძემ. მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი: „ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა. რომ არა ტრავმა, მას რუმინეთთანაც ვათამაშებდი. დიდ 10-ში მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფეთქებადი და სწრაფია შეტევაში, ხოლო დაცვაში სტაბილური. ლელოს გატანა ნაწილობრივ გამართლებაა, თუმცა მას მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდა ამის შანსი და რამდენიმე ეპიზოდში პასი დაუგვიანეს. მას აქვს ლელოს გატანის ალღო და ჩვენ არ ვართ განებივრებული ასეთი სწრაფი მოთამაშეებით“. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართავენ. ბელგიელებთან შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და მას ჩვენი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება: „ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიასთან მატჩი საერთაშორისო ფანჯარაში ჯდება, ტოპ 14-იდან რამდენიმე მორაგბეს არ გამოვიძახებთ. ამ დღეს საფრანგეთში ტურის თამაშები იმართება და მორაგბეებს კლუბში დამკვიდრების საშუალებას მივცემთ. ამავდროულად, გამოვცდით რამდენიმე ახალ მოთამაშეს. ბელგიამ რუსეთის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა, რაც ჩემი აზრით უფრო რუსების უხეირობის ბრალი იყო და არა იმის, რომ ბელგიამ განსაკუთრებულად მოუმატა. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება და მისთვის სრული სერიოზულობით მოვემზადებით."

ფოტო: Jan Perlich

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები