Belive

მალხაზ ურჯუკაშვილი | ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს რაგბის კავშირში არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე, ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" მალხაზ ურჯუკაშვილმა კომენტარი გააკეთა. ურჯუკაშვილის მტკიცებით, ქართულ რაგბს ვცლილებები სჭირდება.
"ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება. რაგბის კავშირს ძალიან დიდი ხანია ერთი გუნდი მართავს. იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ "ბექგრაუნდში" კვლავ იგივე ხალხი რჩება. მათი მმართველობის დროს გარკვეულ სიმაღლემდე მივედით, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, ქართული რაგბი წინ არ წასულა და ერთ ადგილს ტკეპნის. ამისთვის საჭიროა ახალი ძალა." "ირაკლი აბუსერიძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი და კიდევ სხვა ლეგენდარული მორაგბეები ვართ აქეთ, რომლებმაც ქართული რაგბი დღემდე მოიტანეს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მეორე მხარის მხრიდან გამოქვეყნებულ 112-კაციან სიაში 20 კაცის მეტი ვერავინ ვიცანი. მე არ ვარ ირაკლი აბუსერიძის მხარეს. მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი და ვიქნები სიმართლის მხარეს და ახლა ეს სიმართლე არის ირაკლი აბუსერიძისკენ." "ბაჩო ხურციძე და ის გუნდი უნდა დარბოდეს ახლა სასამართლოში, არჩეული პრეზიდენტი კი არა. აქამდე სად იყო იოსებ ტყემალაძე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე რომ გამოაჩინეს? გამოსულიყო მანამდე, ეთქვა საკუთარი პროგრამა და იქნებ მას ვუჭერდით მხარს." "კარგი მორაგბე შეიძლება არ ნიშნავდეს კარგ მენეჯერს, მაგრამ წინასწარ რა იციან ამ ხალხმა ირაკლი აბუსერიძე როგორი მენეჯერი იქნება? ვაცადოთ უმრავლესობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქმის კეთება და შემდეგ 4 წლის მერეც ხომ იქნება არჩევნები. ამით ხომ არ მთავრდება ქართული რაგბი? მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ და როცა გარკვეულ დარგში პოლიტიკა ერევა, იქ ვერც რაგბი განვითარდება და ვერც ქვეყანა. რაგბის განვითარება თუ უნდა მეორე გუნდს, მაშინ კლუბებს არ დააშინებდნენ არჩევნებზე არ მიხვიდეთო", - აღნიშნავს მალხაზ ურჯუკაშვილი.

სხვა სტატიები