Belive

მამუკა გორგოძის პირველი განცხადება ნაკრებში დაბრუნების შემდეგ

4 წლის წინ რაგბი
6 წთ
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. მრავალი მცდელობის შემდეგ, მამუკას გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდა. “მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის. სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. ‘ტულონში’ 3 წელია იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბათ მოხდა ამ პოზიციის შეცვლა. მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი. მართლა არ ვიცი რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო. სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვიტყვი. ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი - აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში." შოტლანდიასთან დაფიქსირებული ანგარიში არც მე მომეწონა, რატომ გვქონდა გამარჯვების იმედი? შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს, საუცხოო ფორმაშია და ცოტა ხნის წინ საფრანგეთს მოუგო, რომელმაც ზუსტად ვიცი რამდენად სერიოზული ფიზმომზადების ეტაპი გაიარა. ხანგრძლივი და ურთულესი ფიზმომზადების ეტაპი გაიარა ჩვენმა ნაკრებმაც, ამის შემდეგ კი თამაში რთულია. თუ გავიხსენებთ 2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდს, დავმარცხდით ‘ნიუკასლთან’, კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარგი თამაშები გვქონდა. ამ მარცხით არ უნდა განვსაჯოთ და მთავარია მსოფლიოზე ვიყოთ კარგად. გუნდთან ერთად არ ვოფილვარ და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვიცი ჩვენი ბიჭების ხასიათი და იაპონიაში ყველა მაქსიმუმს დადებს”. "ბორჯღალოსნები" იაპონიაში D ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება: “ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ფიჯის, რომელიც ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთ ამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ შეგვაკვდებიან. მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”. რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ამის საჭიროება იქნება: “სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია”. გორგოძე ბორჯღალოსნებს 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება. წყარო: რაგბის კავშირი

სხვა სტატიები