Belive

მილტონ ჰეიგი: "მიზნის მიღწევა წელს უფრო რთული იქნება"

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
ხვალ იაპონიაში სტარტს მსოფლიო თასი აიღებს. მასპინძელი იაპონია ტოკიოში რუსეთს მიიღებს და ტურნირს სწორედ ამ შეხვედრით გახსნის. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, "ბორჯღალოსნები" 23 სექტემბერს უელსთან დაპირისპირებით დაიწყებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა უმნიშვნელოვანეს თამაშებამდე პრესკონფერენცია გამართა. "ახლა მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე, რომ ამჯერად „რადარებს“ ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. გამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისი თამაშისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს. ეს მსოფლიო თასია და ორი წლის წინანდელზე განსხვავებული თამაში იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენ გვექნება გარკვეული უპირატესობები. რა თქმა უნდა შერკინება ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი, სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია," - განაცხადა მილტონ ჰეიგმა. საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15-ზე გაიმართება. წყარო: რაგბის კავშირი

სხვა სტატიები