Belive

მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო

1 წლის წინ რაგბი
4 წთ
სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდა - ბრაიან ჰაბანა, მამუკა გორგოძეს ყველაზე საშიშ მორაგბედ ასახელებს. ჰაბანამ "ტულონის" გასახდელში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომელშიც "გორგოძილა" და არანაკლებ ლეგენდარული მა'ა ნონუ ფიგურირებდნენ. მამუკა გორგოძე ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფრანგულ სარაგბო კლუბში 6 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. იმ დროს "ტულონს" ბერნარდ ლაპორტი წვრთნიდა და სარაგბო კლუბში ისეთი სახელოვანი მორაგბეები ირიცხებოდნენ, როგორიცაა: ბრაიან ჰაბანა და მა'ა ნონუ. ჰაბანამ "ტულონში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გორგოძის ყველაზე მეტად ეშინოდა - ლეგენდარული სამხრეთ აფრიკელი აღნიშნავს, რომ გორგოძე იყო მორაგბე, რომლის წინააღმდეგ ყოფნასაც არავინ ისურვებდა. RugbyPass-ის პოდკასტში, რაიან უილსონთან და მაქს ლაჰიფთან საუბარში, ბრაიან ჰაბანამ გაიხსენა მომენტი, როდესაც მა'ა ნონუმ მამუკა გორგოძეს adidas-ს ბოტასი აჩუქა - მადლიერების ნიშნად, "გორგოძილამ" მას დანა დაუბრუნა. ეს იყო სიმბოლური და მეგობრული ჟესტი გორგოძის მხრიდან, თუმცა, "ტულონის" გასახდელში დანის გამოჩენამ, გარშემომყოფები საგონებელში ჩააგდო.
გორგოძე

კითხვაზე, თუ ვისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ჰაბანამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "რამდენიმე ქართველი იყო და უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე საშიში ადამიანი, რომელიც მინახავს მამუკა გორგოძეა. მის წინააღმდეგ ყოფნის მეშინოდა. კარგად უნდა დაფიქრდე, რადგან მის წინაშე ფეხის გადაბრუნებას აუცილებლად ინანებ. ვარჯიშებზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, რომელშიც მამუკამ არავინ დაინდო. გორგოძე ძალიან მოდური ადამიანია. მა'ა ნონუს adidas Yeezy-ს მოდელი ჰქონდა, რომელიც ძალიან მიმზიდველი იყო და ძნელად იშოვებოდა. მამუკა ამ ბოტასს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და ნონუს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა adidas-თან კონტაქტი. მა'ა არც დაფიქრდა და გორგოძეს საკუთარი ბოტასი შესთავაზა. მა'ა ნონუმ გორგოძეს საკუთარი adidas Yeezy აჩუქა - ის ძალიან მადლიერი დარჩა. მომდევნო დღეს, როდესაც ნონუ ვარჯიშზე მოვიდა, მამუკამ მადლობა გადაუხადა და დანა აჩუქა. ნონუ გაკვირვებული იყურებოდა და არ იცოდა, თუ რა უნდა მოეხერხებინა დანისთვის. მამუკამ უთხრა: "აიღე, ეს შენთვისაა". გორგოძის მხრიდან, ეს იყო მადლიერების, პატივისცემისა და ყველაფრის იდეალური გამოხატულება. მაგრამ, როდესაც მამუკა გორგოძემ მა'ა ნონუს დანა აჩუქა, "ტულონის" გასახდელში ყველა დავიზაფრეთ და აღვნიშნეთ: "კარგი, ჩვენ ახლა ამ ოთახიდან გავალთ და კარს ჩავკეტავთ. ძალიან გთხოვთ, რაც არ უნდა მოხდეს - ეს ნივთი გარეთ არ გამოიტანოთ". ის უდიდესი ჯენტლმენია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიში. მის წინააღმდეგ ყოფნას არასდროს ვისურვებ, რადგან მინახავს მისი მოქნეული მუშტის სიძლიერე". მოგვიანებით ბრაიან ჰაბანას სთხოვეს გაეხსენებინა ვარჯიშზე მომხდარი ყველაზე საზარელი ჩხუბი, რომელიც ოდესმე უნახავს. სამხრეთ აფრიკელს პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დასჭირდა: "მამუკა გორგოძისა და მარსელ ვან დერ მერვეს ჩხუბი".

სხვა სტატიები