7 თებერვალს, ტოპ 14-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, "ბიარიცი" "ლა როშელს" დაუპირისპირდა. ბიარიცში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა.
მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც "ბიარიცი" 20:24 მარცხდებოდა სახალისო შემთხვევა დაფიქსირდა - "ბიარიცის" სასარგებლოდ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი დაინიშნა, რომლის ჩაწოდების მომენტში მოედანზე ორი ბურთი აღმოჩნდა. ერთი სტუმართა მორაგბემ მოიგერია - ხოლო მეორე "ბიარიცის" ჰუკერმა დაამიწა. სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის მორაგბეებმა გამარჯვება აღნიშნეს. მორაგბეები შეცდომაში გულშემატკივარმა შეიყვანა, რომელმაც მოედანზე ბურთი აუტის ჩაწოდების მომენტში გადმოაგდო - მატჩის მთავარმა არბიტრმა ლელო არ ჩათვალა, შეხვედრა კი შერკინებით გაგრძელდა.
საბოლოოდ, "ბიარიცმა" გაწითლებულ დროში მაინც შეძლო ლელოს დადება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "ბიარიცის" რიგებში ბურჯმა - გიორგი ნუცუბიძემ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა. მასპინძელთა კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" - თორნიკე ჯალაღონია საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეძლო ლელოს დადება.