Belive

მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის დაბრუნებას ეხმაურება

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ეხმაურება. ლეგენდარულმა ქართველმა კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2 წლის წინ დაასრულა - თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე იგი ბორჯღალოსანთა განაცხადშია და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსანთა რაზმი დაასახელა, რომელშიც მამუკა გორგოძის ხილვა სასიამოვნო მოულოდნელობა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრისთვის - არამედ სრულიად მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. მამუკა გორგოძე მეოთხე მსოფლიო თასზე მიიღებს მონაწილეობას. 2015 წლის მსოფლიო თასზე, გორგოძემ ტონგასა და ნამიბიას დამარცხებაში ლომის წვლილი დაიდო. ოლ ბლექსის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მილტონ ჰეიგის მიერ დასახელებულ რაზმში 18 მორაგბეა, რომელთაც 2015 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზეს - მათ შორის ვასილ ლობჟანიძე. 2015 წელს, ტონგას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ლობჟანიძე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა (18 წელი, 340 დღე). სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ნემსაძე და შალვა სუთიაშვილი მესამედ იასპარეზებენ მსოფლიო თასზე. მილტონ ჰეიგის რაზმში მოხვდნენ თედო აბჟანდაძე და ვანო კარკაძე, რომლებმაც ზაფხულში 20-წლამდეთა მსოფლიო თასზე იასპარეზეს. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო თასზე 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე წაიყვანა.

სხვა სტატიები