Belive

მუქარა და გინება: ქართველი მორაგბე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
ედინბურგში, "მარიფილდზე" გამართული ტესტ-მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 დასრულდა. 26 სექტემბერს, Facebook გვერდზე რაგბი XV შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩის Live განხილვა მიმდინარეობდა. Live განხილვის დროს, კომენტარებში "ბორჯღალოსანმა" გიორგი აფციაურმა გადაცემი წამყვანებსა და რაგბი XV-ის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ანგარიშწორებით დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავშირებით, რაგბი XV-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს რაგბის კავშირს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. რაგბი XV-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს ფეისბუკგვერდზე, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით. სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას (ფეისბუკლაივის კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს. დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს. იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."
  26-წლის გიორგი აფციაურმა 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა. "ბორჯღალოსანთა" კვართი აფციაურმა 22 შეხვედრაში მოირგო. Live.ge-ის რედაქცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ სრული უფლება, ქართულ რაგბიში მიმდინარე პროცესები თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააშუქონ. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჟურნალისტის საქმიანობაში, მითუმეტეს, თუკი ეს ეთიკის ნორმებს სცდება

სხვა სტატიები