Belive

ნიკა ამაშუკელი - ზედიზედ მეორედ ექვს ერზე და 8-კვირიანი ტესტ-რაგბი

1 წლის წინ რაგბი
10 წთ

ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ.

ექვსი ერის წინამორბედი ტურნირი 1882 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული 1883 წელს გამოვლინდა. თავდაპირველად მასში ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი მონაწილეობდნენ, 1910 წლიდან კი მათ საფრანგეთი დაემატა და შეჯიბრი ხუთი ერი გახდა, 2000 წლიდან კი მონაწილეთა რაოდენობა იტალიის დამატებით ექვსამდე გაიზარდა.

ამაშუკელი გახდა პირველი რეფერი ტიერ2 სარაგბო ქვეყნებიდან, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს. შარშან ის საფრანგეთი-იტალიაზე გვერდითი, ხოლო ირლანდია-იტალიაზე მთავარი მსაჯი იყო. სასიამოვნოა, რომ მსოფლიო თასის წინ ის ასეთი მაღალი დონის ტურნირზე კვლავ მიიწვიეს, რასაც წინ უძღოდა ნიკას დანიშვნები მაღალი დონის თამაშებზე ოთხ ერზე, ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, ასევე საკლუბო ტურნირებზე.

„ზედიზედ მეორედ წარვსდგები ექვს ერზე მთავარი მსაჯის რანგში და უზომოდ გახარებული ვარ. 26 თებერვალს „სტად ფრანსეზე“ საფრაგეთისა და შოტლანდიის შეხვედრას განვსჯი. ყველამ იცის როგორი მებრძოლი გუნდია შოტლანდია და როგორ ჩინებულ რაგბის თამაშობს საფრანგეთი. ტურნირზე პირველი დანიშვნა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო და ბედნიერი ვარ ექვსი ერის ნაწილი კიდევ ერთხელ რომ გავხდები და იქ ჩემს ქვეყანას წარვადგენ“.

„ქართველებისთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც იტალიისა და უელსის დამარცხებით დიდი განაცხადი გავაკეთეთ. ვფიქრობ, ჩემი იქ ყოფნა ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქართული რაგბისთვის. გარდა ამისა, მსოფლიო თასის წინ ასეთი მაღალი დონის ტურნირში მოხვედრა იმის ნიშანია, რომ მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეალში ვარ და მაქვს შანსი მოვხვდე იმ 19 მსაჯს შორის, რომლებიც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასს მოემსახურებიან“ – გახარებულია ამაშუკელი.

რაგბისგან ასეთი სიამოვნება ჯერ არ მიმიღია

მას შემდეგ, რაც ნიკა ამაშუკელმა ტრავმების გამო თამაშს თავი დაანება და მსაჯობას მიჰყო ხელი, ყოველი მომდევნო წელი მისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღემდე 2022 წელი ყველა წინამორბედზე განსხვავებულია. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკა – უელსის ტესტ მატჩებისა და ოთხი ერის ტურნირზე მსაჯობის შემდეგ, მას ურთულესი შემოდგომა ჰქონდა და 8 კვირა გადაფრენებსა და უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბში გაატარა.

„1 წლია რაც მყარად შევდგი ფეხი ელიტაში და მას შემდეგ ფრენებისა და თამაშებისგან პრაქტიკულად დასვენება არ მქონია, თუმცა წლევანდელი ნოემბერი მაინც გამორჩეული იყო. მსოფლიო რაგბმა დიდი თამაშები მანდო. რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით მეტია პასუხისმგებლობა, მით უფრო რთულდება ჩვენი საქმე და ამისთვის მზად უნდა იყო. მაყურებელი ხედავს მხოლოდ 80 წუთს, მის მიღმა კი უზარმაზარი შრომა და ენერგიაა ჩადებული. მაგრამ ეს სწორედ ის არის, რასაც პირადად ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერება მოაქვს“ – ამბობს ამაშუკელი და განვლილ პერიოდს იხსენებს:

„შემოდგომა დავიწყე იაპონიით, მერე ჩავედი დუბლინში, რასაც მოყვა მსოფლიო რაგბის მსაჯთა შეკრება ლონდონში. იქიდან გადავფრინდი დუბაიში და კვლავ დავბრუნდი ლონდონში. ამას მოყვა ტოპ 14-ისა და ჩემპიონთა თასის თამაშები. დროის მცირე მონაკვეთში დიდი მანძილის დაფარვა მომიწია, მაგრამ სპორტისგან ასეთი სიამოვნება ჯერ არ მიმიღია“.



იაპონია – ახალი ზელანდია: „დაძაბულობა, წნეხი და ინტენსივობა დიდი არ იყო. გახსნილი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ რეტალიკისთვის წითელი ბარათის ჩვენება მომიწია, მთლიანობაში კარგი შოუ გამოვიდა“.

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა: „ეს უკვე აბსოლიტურად განსხვავებული თამაში გამოვიდა. დიდი იყო წნეხი და ინტენსივობა. თამაშის დროს ძვლების ხმა ისმოდა. საოცარი ატმოსფერო იყო „ავივაზე“. როდესაც შენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, რთულია სიმშვიდის შენარჩუნება. იყო დიდი გადაწყვეტილებები და სამართლიანად გაიცა ჯარიმები. იყო გამორჩენები, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მთლიანობაში კი ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა“.

პორტუგალია – კენია: „მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დუბაიში პორტუგალიამ 85:0 მოიგო. ძალიან დიდი იყო კონტრასტი წინა შეხვედრებთან შედარებით, თუმცა შევხვდი ჩემს მეგობარ მსაჯებს, რაც სასიამოვნო იყო“.

ინგლისი – ახალი ზელანდია: „აქ გვერდითი მსაჯი ვიყავი და ზუსტად ისეთივე ატმოსფერო იყო, როგორიც დუბლინში. „თვიქენჰემზე“ 80-ათასზე მეტი მაყურებელი იყო და სტადიონი ემოციებისგან ლამის დაინგრა, განსაკუთრებით დასკვნით 15 წუთში, როდესაც ინგლისი დაბრუნდა და თამაში ფრედ დაასრულა. ადამიანებს ასეთი ხმების გამოცემა თუ შეეძლოთ ვერ წარმომედგინა. ახლაც ჟრუანტელი მივლის ის თამაში რომ მახსენდება“.

საკლუბო და ტესტ-რაგბი

ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, ნიკა ამაშუკელი ჯერ ტოპ 14-ის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის სამსაჯოდ მიიწვიეს, მერე კი ჩემპიონთა თასი დაიწყო და ქართველმა რეფერიმ ორივე ტურში იმუშავა:

„ერთი კვირის დასვენების შემდეგ ჩვენთვის, ქართველებისთვის საყვარელ ტოპ 14-ის მატჩზე მიმიწვიეს. ‘რასინგ 92’-ისა და ‘ტულონის’ შეხვედრა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ფურცელზე ჩანდა. სასიამოვნო იყო ის, რომ შეხვედრაში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა – გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა ‘რასინგ 92’-ის და ბექა გიგაშვილმა ‘ტულონის’ შემადგენლობაში. გოგიჩაშვილი და გიგაშვილი შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მეც რა თქმა უნდა მათ მხარეს დავდექი. ვინც უყურა თამაშს მოისმენდა რამდენიმე ქართულ გადალაპარაკებას. თავიდან მეგონა, რომ ქართველები ერთმანეთს დაინდობდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთმანეთის გაჭყლეტვა უნდოდათ, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ორივე მხარეს მომიწია ჯარიმების გაცემა, ბოლოს კი ბიჭებს გადავეხვიე და ასე დავშორდით ერთმანეთს“.

„რაც შეეხება ჩემპიონთა თასს, ის სამსაჯოდ ურთულესია, თუმცა ჩემი საყვარელი ტურნირია. ეს არის სხვადასხვა სარაგბო კულტურის დაპირისპირება საკლუბო დონეზე. ინგლისური ‘სარასენსისა’ და შოტლანდიური ‘ედინბურგის’ თამაში ისეთი ინტენსიური იყო, სუნთქვა არ ქონდა. ყველა მოთამაშე ბოლომდე იბრძოდა და საბოლოოდ ინგლისელებმა 4 ქულის სხვაობით მოიგეს. გუნდის კაპიტნები – ოუენ ფარელი (‘სარასენსი’) და ჯეიმი რიჩი (‘ედინბურგი’) მოედანზე საკმაოდ რთული პერსონები არიან და ესეც დიდი გამოცდილება იყო“.

„ინტენსიური გამოვიდა ‘მონპელიესა’ და ‘ოსპრეიზის’ შეხვედრაც. უელსელებმა ამ თამაშში სული და გული ჩადეს. ყველა მოთამაშე ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძოდა და არცერთ ეპიზოდში არაფერს თმობდა. კვირიდან კვირამდე ამ ინტენსივობის მატჩების მსაჯობით გიგროვდება ის გამოცდილება, რაც მაღალი დონის თამაშებისთვისაა საჭირო. რაქში უამრავი უნიკალური რამ შეიძლება მოხდეს და როდესაც მსგავსი ეპიზოდები ხშირად მეორდება, გიგროვდება მსაჯისთვის აუცილებელი არსენალი. ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ვიდეო რეფერისთან, კაპიტნებთან, განსაკუთრებით არაინგლისურენოვანი მსაჯებისთვის. ყველა თამაშს ახლავს დეტალური ანალიზი, ყოველი ეპიზოდის გარჩევა, რაც ასევე დიდ გამოცდილებას გმატებს“.

და რამდენად განსხვავებულია მაღალი დონის სანაკრებო და საკლუბო, საერთაშორისო რაგბი? ამასთან დაკავშირებით ამაშუკელი ამბობს:

„საერთაშორისო ტესტ-მატჩებში სტრუქტურა უფრო დალაგებულია, ვიდრე საკლუბოში. საკლუბოშიც არავინ არაფერს თმობს, მაღალია ინტენსივობა, მაგრამ როდესაც მოთამაშეები, გუნდი, საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს, აქ ყველას პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია. ამ დროს უფრო დიდი წნეხია მსაჯებზეც, რასაც მედია იწვევს. ქვეყნებს შორის დაპირისპირებებს მეტი გაშუქება აქვს. მედიამ იცის, რომ მსაჯის ყველა ქმედებას დიდი გამოხმაურება მოყვება და სულ ცდილობს რამე ხელჩასაჭიდი იპოვოს“.

„სწორედ ამიტომ, მსოფლიო რაგბის 24-ივე მსაჯს მენტალური გამძლეობა მოგვეთხოვება. კომენტარებს ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები კითხულობენ და განიცდიან. ხშირად იქით მიწევს მათი დაწყნარება. ცოტა ხნის წინ უეინ ბარნსმა ოჯახის წევრებზე მიიღო მუქარა, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება. ეს არის მედიის გამოხმაურების შედეგი, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც იწერება. ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას აქვს ახსნა, მაგრამ სამწუხაროდ, მსაჯებს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, როგორც მაგალითად გუნდებს, მწვრთნელებს ან მოთამაშეებს. კლუბებს კი გულშემატკივრების კონკრეტული კონტიგენტი ყავს და თამაშებს ამხელა გამოხმაურება არ მოყვება. მთლიანობაში, ინტენსივობით და ვნებათაღელვით, უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო რაგბი დიდად არ განსხვავდება“.

წყარო: Rugby.ge

სხვა სტატიები