ნინიაშვილი, დუპონი, უილიამსი – ნოემბრის ტესტების გამორჩეული მორაგბეები

“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთსა და ფიჯის დაუპირისპირდა.

14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება, შესაძლოა ანგარიშში სხვაობა გაცილებით უფრო ნაკლები ყოფილიყო.

ქართველი მორაგბეები ბორდოში დამარცხდნენ, თუმცა მეტოქე არაერთ კომპონენტში დაჯაბნეს, ორი ლელო დაუდეს და მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. ბორდოში გამართული მატჩიდან 1 კვირის შემდეგ, “ლე ბლე” ძლევამოსილ “ოლ ბლექსს” დაუპირისპირდა. “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ზელანდია 40:25 დაამარცხა.

20 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდნენ. 2021 წლის ნოემბრის ტესტების უკანასკნელი შეხვედრა, ფრედ 15:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ფიჯელებმა გარდასახული ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, “ბორჯღალოსნებმა” დადებითი შეფასება დაიმსახურეს. არაერთმა მიმომხილველმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პერფორმანსი მაღალ დონეზე შეაფასა. განსაკუთრებული აღიარება ფრანგული “ლიონისა” და “ბორჯღალოსნების” ახალგაზრდა წევრმა – დავით ნინიაშვილმა მოიპოვა.

დავით ნინიაშვილი ისეთი სახელოვანი მორაგბეების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა: ანტუან დუპონი, ლიამ უილიამსი, ნიკ ტომპკინსი და დარსი გრემი. “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, ამ მორაგბეემა საშუალოდ ყველაზე მეტი დამცველი მოატყუეს. საფრანგეთისა და ფიჯის წინააღმდეგ, ნინიაშვილმა 160 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროის განმავლობაში მან მოწინააღმდეგის საშუალოდ 4.5 დამცველი მოატყუა.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხუთეულიდან დავით ნინიაშვილმა ყველაზე ნაკლებ (2) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნინიაშვილი, დუპონი, უილიამსი - ნოემბრის ტესტების გამორჩეული მორაგბეები 1

(836)

ნინიაშვილი, დუპონი, უილიამსი – ნოემბრის ტესტების გამორჩეული მორაგბეები

სტატიის ავტორი
-