Belive

ნინო ელოშვილი - კიდევ ერთი ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ტურნირების ფინალში

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებას განაგრძობენ. რაგბი ევროპის 7-ქალა "ალაფის" ზაგრების ეტაპზე, თავი საუკეთესოდ ნინო ელოშვილმა წარმოაჩინა და ფინალის მსაჯობაც დაიმსახურა. ნინოს სამსაჯო კარიერა 2009 წელს მორაგბეობის პარალელურად დაიწყო, საერთაშორისო ასპარეზზე კი პირველად 2019 წელს გავიდა, როდესაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თანამსაჯად მიიწვიეს და იქაც ანდეს ფინალი, ოღონდ დამხმარე მსაჯად. შარშან 7-ქალას "ალაფაზე" მან ბუდაპეშტში მოედნის მსაჯად იმუშავა, წელს კი ორივე ეტაპზე მიიწვიეს. ელოშვილმა ზაგრებში დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება თვალში საცემი იყო და საბოლოოდ ინგლისისა და იტალიის ფინალური მატჩის განსჯაც ანდეს. საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობაზე ნინო ელოშვილი ამბობს: "ეს უდიდესი გამოცდილებაა, რადგან განსხვავებულ გარემოში გიწევს მსაჯობა და იძენ უდიდეს გამოცდილებას. შედეგად, სწავლობ საკუთარ თავზე მუშაობას, თამაშის მენეჯმენტს და რაც მთავარია, ყოველ მომდევნო ტურნირს თუ თამაშს ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებული ხვდები". "რაც შეეხება ზაგრების ტურნირს, თავიდან იყო მცირე შენიშვნები, რომელთაც ვითვალისწინებდი, თამაშიდან თამაშამდე სტაბილურობას მივაღწიე და ფინალზე დანიშვნა დავიმსახურე. ფინალი ყოველთვის განსაკუთრებული თამაშია, განსხვავებულ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს, თუმცა ამოცანას თავი კარგად გავართვი და კარგი შეფასებაც მივიღე. სასიამოვნოა, რომ ჩემი მსაჯობით კმაყოფილი დარჩნენ გუნდებიც და მათგან არაერთი კომპლიმენტი მივიღე, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს და თავდაჯერებულობას მმატებს".
2-287137722_415511407152194_3731781890046835168_n
ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ნინო ელოშვილი მეოთხე მსაჯია, რომელმაც რაგბი ევროპის 7-კაცა ტურნირების ფინალი იმსაჯა – ანა პოღოსიანის, სულხან ჩიხლაძის და გიგა მშვენიერაძის შემდეგ. ნინოს თქმით, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ირლანდიელ მასწავლებელ დევიდ მაკქიუს: "ქართველი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება დევიდ მაკქიუს დამსახურებაა. ზაგრებში რომ ჩამოვედი მაშინვე მითხრეს – რა ხდება საქართველოში ასეთი, მსაჯები ყველა მხრიდან რომ გვიტევთო. დიდი მადლობა რაგბის კავშირს, რომელიც დაინტერესებულია მსაჯობის დონის და პროფესიონალიზმის ამაღლებით, რაშიც დევიდი გვეხმარება. მონდომებას არც ჩვენ ვაკლებთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ საქართველო ნებისმიერ დონეზე საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები