Belive

ნინო ელოშვილის ახალი გამოწვევა

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ 15-კაცა რაგბი იმსაჯა, ახლა კი 15-ქალას თამაშზე მთავარი მსაჯი იქნება.

ბოლო წლებში ქართველ ქალ მსაჯებს – ანა პოღოსიანს და ნინო ელოშვილს რაგბი ევროპა რეგულარულად იწვევდა 7-ქალა ტურნირების სამსაჯოდ და მათ ფინალურ შეხვედრებსაც ანდობდა, რაგბი XV კი მათი განვითარების ახალი ეტაპია.

ელოშვილმა მსაჯობა 2009 წელს, მორაგბის კარიერის პარალელურად დაიწყო, საერთაშორისო ასპარეზზე კი 2019 წლიდან გავიდა და წელს 7-ქალას „ალაფის“ ორივე ეტაპზე მიიწვიეს. რაგბი ევროპა მისი პერფორმანსით კმაყოფილი დარჩა და ახალმა მიწვევებმაც არ დააყოვნა.

15 ოქტომბერს, რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ‘ბრიუსელ დევილზმა’ ნიდერლანდების ‘დელტა’ 48:21 დაამარცხა. ამ თამაშის მთავარი მსაჯი საბა აბულაშვილი იყო. მას კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და ნინო ელოშვილი ეხმარებოდნენ. ქართველი ქალი მსაჯები, შინაურ ასპარეზზე 15-კაცა რაგბს რეგულარულად მსაჯობენ, როგორც ცენტრში, ასევე კიდიდან, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ეს პირველი გასვლა იყო.

ნინო ელოშვილს ერთი კვირის თავზე კიდევ ერთი დებიუტი ელის, თანაც მოედნის მსაჯის რანგში. ის ბრიუსელში დარჩა და 22 ოქტომბერს, „ნელსონ მანდელას სტადიონზე“ ქალთა რაგბი ევროპის „ალაფაზე“ ბელგიისა და პორტუგალიის შეხვედრას განსჯის.


2222

განვლილი და მომავალი გამოცდილების შესახებ ელოშვილი ამბობს:

„ბოლო წლებში 15-კაცა საერთაშორისო რაგბში ქალი თანამსაჯის ტენდენცია შეიმჩნევა. ვფიქრობ, ეს გენდერული თანასწორობიდან მომდინარებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ასეთ თამაშს ვუყურებდი და მაშინ გავიფიქრე – ნეტა მე თუ მექნება ბიჭებთან ერთად კაცთა რაგბის მსაჯობის შესაძლებლობა? ჩემი თავი ამ ამპლუაში წარმოვიდგინე და ოცნებაც ამიხდა – გავხდი პირველი ქართველი ქალი მსაჯი, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრაში თანამსაჯად იმუშავა. დიდი მადლობა რაგბის კავშირს და ჩვენს მასწავლებელ დევიდ მაკქიუს ამ შესაძლებლობისთვის. მიხარია, რომ ბიჭებს არ ჩამოვუვარდები და ძალიან ბედნიერი ვარ საერთაშორისო ასპარეზზე ჩემს ქვეყანას რომ წარმოვაჩენ“.

„რაც შეეხება 15-ქალას შეხვედრაზე დანიშვნას, ეს 7-ქალას ტურნირებზე მიღებული კარგი შეფასებების შედეგია. ეს დანიშვნა ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ბელგია და პორტუგალია თანაბარი დონის გუნდებია. შარშან პორტუგალიამ 10:8 მოიგო და ვფიქრობ ახლაც დაძაბული თამაში იქნება. 15-ქალას მენეჯმენტი 7-ქალასგან განსხვავებულია პასუხისმგებლობასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაა. ბელგიაში დავინახავ რაზე მომიწევს მუშაობა, რათა წინსვლა გავაგრძელო და უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღო“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები