Belive

"ოლ ბლექსის" სამიდან სამი! (ვიდეო)

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
დღეს დილით, ნელსონში, "ტრაფალგარ პარკზე", ოთხი ერის მესამე ტურის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ახალი ზელანდიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა. "ოლ ბლექსს" საერთოდ არ ჰყავდა განაცხადში ბოიდენ ბარეტი, მის მაგივრად მგეზავის პოზიციაზე თამაში 24 წლის რიჩი მოუნგამ დაიწყო, რომლისთვისაც ეს მეორე კეპი გამოდგა. ანგარიში საჯარიმო დარტყმით მეხუთე წუთზე სწორედ მან გახსნა, რასაც მე-15 წუთზე არგენტინელებმა რამირო მოიანოს ლელოთი და ნიკოლას სანჩესის გარდასახვით უპასუხეს, თუმცა მათი სიხარულით სულ რაღაც 1 წუთი გაგრძელდა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენამ, ნეჰე მილნერ-სკადერმა  "პუმები" დაალელოვა რასაც მოუნგას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ტაიმის ბოლომდე ტიჯეი პერენარამ ლელო ხოლო მოუნგამ ჯარიმა მიითვალა და შესვენებაზე "ოლ ბლექსი" თერთმეტქულიანი უპირატესობით გავიდა. კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი, 42-ე წუთზე ნიკოლას სანჩესმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა, რომელიც მანვე გარდასახა და ზელანდიელთან უპირატესობა 4 ქულამდე დაიყვანა 18-14. კიერან რიდმა არგენტინელებს სიხარული კვლავ არ აცადა, მისი ლელო კი მოუნგამ კვლავ უშეცდომოდ გარდასახა. ამის შემდეგ სანჩესმა ჯარიმა გაიტანა, მაგრამ 2 წუთში შეცვლაზე შემოსულმა ენტონი ლინერტ-ბრაუნმა ხაზი გაჭრა და ბურთი ტიჯეი პერენარას გაატანა, რომელმაც დუბლი ძელებსშუა გაიფორმა, მოუნგა კვლავ ზუსტი იყო. აღებული ტემპი მცირე ხნით შეცვლებმა დააგდეს და 70-ე წუთამდე არაფერი მომხდარა, სანამ ტომას კუველიმ ჩათვლის მოედანთან ემილიანო ბოფელი არ მონახა,სანჩესის გარდასახვა კი ზუსტი იყო, 32-24. ნიკოლას სანჩესი ამ მატჩში არგენტინელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს არგენტინელთა მაქსიმუმი გამოდგა დღევანდელ შეხვედრაში, მატჩის ბოლომდე ახალმა ზელანდიამ კიდევ ორი ლელო დადო, აქედან მეორე რომელიც ჯეკ გუდჰიუს ანგარიშზე ჩაიწერა მართლაც ძალიან ლამაზი გამოდგა, მოუნგამ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 46-24. "ოლ ბლექსი" სატურნირო ცხრილს სამიდან სამი მოგებით ლიდერობს, ტურის მეორე მატჩში დღეს ავსტრალია სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები