Belive

ოფიციალურად | ესპანეთი რაგბის მსოფლიო თასიდან მოკვეთეს!

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასიდან დისკვალიფიცირებულია. ესპანეთის დისკვალიფიკაციის მიზეზი წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი მორაგბე – გევინ ვან დენ ბერგი გახდა, რომელმაც ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოქმედი წესდების თანახმად, იმისათვის, რომ გევინ ვან დენ ბერგს ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით ასპარეზობის უფლება ჰქონოდა, უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, ესპანეთში უნდა ეცხოვრა. დადგინდა, რომ პირველხაზელი 2019 წელს სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა World Rugby-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წარმოშობით სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს - გევინ ვან დენ ბერგს, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა. რაგბის მსოფლიო თასიდან მოკვეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ესპანეთის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

დადგენილი წესების უხეშად დარღვევის გამო, ესპანელებმა 10 ქულა დაკარგეს და შესაბამისად მე-2 პოზიციაზე რუმინეთი გადავიდა, რომელიც რაგბის მსოფლიოს თასის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მე-3 პოზიციაზე აღზევებულ პორტუგალიას კი მსოფლიოს თასის საგზურისთვის რეპეშაჟში გამარჯვება მოუწევს. შეგახსენებთ, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო მეორე ადგილზე დაასრულა და 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდა, თუმცა გევინ ვან დენ ბერგის თამაშის გამო დაკლებული 10 ქულის შემდეგ, ესპანელები ნანატრი მსოფლიო თასის მიღმა რჩებიან.

სხვა სტატიები