Belive

ოთარ გიორგაძე: "დავრჩეთ სახლში და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები"

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. გამონაკლისი არც საფრანგეთის ელიტური საკლუბო სარაგბო ჩემპიონატია. ტოპ-14-ის მატჩები შეჩერებულია და ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის განახლდება სეზონი. Live.ge "ბრივის" ქართველ ლეგიონერ - ოთარ გიორგაძეს ესაუბრა. თებერვალში, კოჭზე მიღებული ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესის გავლა, "ბორჯღალოსანს" სახლში მოუწია. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და სახლში დარჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საკმაოდ წარმატებული სეზონი გქონდა თუმცა კორონავირუსის გამო ტოპ-14 დროებით შეჩერებულია. რამდენად რთულია მორაგბისათვის მოედნისა და სავარჯიშო პროცესის მიღმა ყოფნა? - ურთულესი პერიოდი უდგათ, არა მხოლოდ სპორტმენებს - არამედ ყველას, ვისაც ყოველ დილით გარეთ გასვლის ბედნიერება ჰქონდა. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია. არასდროს ვყოფილვარ სახლში ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ძალიან რთულია თუმცა ვემორჩილები ყველა შეზღუდვას და ვრჩები სახლში. კოჭზე მიღებული ტრავმის მოშუშება სახლში მოგიწია. როგორ ჩაიარა სარეაბილიტაციო პროცესმა? - ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კოჭი აღარ მაწუხებს - უკვე დავრბივარ. პატარ-პატარა ვარჯიშების შესრულება დამრჩა, რათა უფრო გავამაგრო. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საფრანგეთში რთული ვითარებაა. რა გავლენა მოახდინა ამ პროცესებმა თქვენზე? - საფრანგეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა. იშვიათად გავდივარ სახლიდან პროდუქტების შესაძენად. ხალხის დამოკიდებულება მაოცებს - ისე იქცევიან თითქოს არაფერი ხდება, არც პირბადე უკეთიათ და არც ხელთათმანები. თითქმის თანაბრადაა იმ ხალხის რაოდენობა ვინც წესებს იცავს და ვისაც საერთოდ არ აინტერესებს. ქალაქში საკმაოდ გაძლიერებულაი ავტომობილების მოძრაობაც. ხალხმა თუ არ გააცნობიერა რასთან გვაქვს საქმე, ვირუსი კდიევ უფრო გაძლიერდება. რამდენად ხშირი კონტაქტი გაქვთ თანაგუნდელებთან და საფრანგეთში მყოფ ქართველ მორაგბეებთან. თავს როგორ გრძნობენ? - ბიჭებთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი მაქვს. კახა ასიეშვილსა და სოსო ბეკოშვილს ოჯახები და პატარა ბავშვები ჰყავთ - ამიტომ ერთმანეთთან მისვლას თავს ვარიდებთ. ბუნებრივია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ. რას მოუწოდებს და რას ურჩევს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ქართველ ხალხს? - კორონავირუსი მთელს მსოფლიოში ძლიერდება. საბედნიეროდ, საქართველოში ყველაფერს აკონტროლებენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები. დავრჩეთ სახლში და გავითვალისწინოთ ყველა თხოვნა და შეზღუდვა, ამით ვირუსს გაცილებით უფრო მალე დავამარცხებთ.

სხვა სტატიები