ოთარ გიორგაძე | გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
3 წლის წინ
რაგბი
4 წთ
რადგან მორაგბე მუხლმა იძულებით შეაჩერა, მორაგბემ სხვა პრობლემების მოგვარებისთვისაც მოიცალა, რაც დიდი ხანია აწუხებს: "ამ პერიოდში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრა წელის პრობლემა, რაც დიდი ხანია მაწუხებს. მიმდინარე სეზონისთვის მზადება დავიწყე თუ არა, წელის ძლიერი ტკივილები დამეწყო. ახლა მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო, ეს პრობლემა მოვაგვარო და ახალ სეზონში ახალი ძალით და ენერგიით დავბრუნდე". ოთარ გიორგაძის ანგარიშზე 29 სანაკრებო კეპია (6 ლელო). ბოლოს მან ბორჯღალოსნების რიგებში "შემოდგომის ერთა თასზე" ითამაშა. ის თვლის, რომ მეტი ზრდისთვის ბევრი ასეთი თამაშის ჩატარებაა საჭირო: "როგორც გუნდი, გავიზარდეთ. "შემოდგომის ერთა თასმა" ინდივიდუალურად და გუნდურად ბევრი რამ შემატა. ჰაერივით გვჭირდება ასეთი დონის თამაშები, რათა ჩვენი თავი ვიპოვნოთ და დავიმკვიდროთ ადგილი ამ დიდ არენაზე. ცუდი ისაა, რომ ამის შემდეგ კვლავ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გვიწევს დაბრუნება…".
წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, გიორგაძე ბორჯღალოსნებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა თამაშებს თვალს ადევნებს და გუნდის შენების პროცესით კმაყოფილია. ის იმედოვნებს, რომ მსოფლიო თასს საქართველო მომზადებული შეხვდება: "რუსეთთან თამაში ყოველთვის დიდი წნეხია, რადგან ვიცით, მათთან წაგება არ შეიძლება! მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მცირე სხვაობა დაფიქსირდა, არც მე და არც სხვა მოთამაშეებს არ გვქონდა განცდა, რომ შეიძლებოდა ვერ მოგვეგო. პორტუგალიასთანაც გვქონდა ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში ცუდად არ გვითამაშია. ფაქტობრივად ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ჩემი აზრით, ეს პროცესი კარგად მიდის, ხარვეზები კი აუცილებლად გამოსწორდება". "დარწმუნებული ვარ მსოფლიო თასის შესარჩევ ციკლს წარმატებით გავივლით და იქ იმ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა, რომლებთან თამაშის გამოცდილებაც უკვე გვაქვს. ყველა ცდილობს, რომ მსოფლიო თასს ფორმის პიკში შეხვდეს, ასე ვართ ჩვენც და თუ ყველანი ერთი მიზნისკენ ვივლით, შედეგიც აუცილებლად მოვა". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი