პატივს გცემ მაგრამ მოგკლავ | მამუკაშვილისა და ჰოგის სახალისო ისტორია

“გლაზგო უორიორსის” მორაგბე – რაიან უილსონი სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელშიც სტიუარტ ჰოგი და შალვა მამუკაშვილი მონაწილეობდნენ.

RugbyPass-ის პოდკასტში The Offload უილსონმა შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და “ბორჯღალოსანი” შალვა მამუკაშვილის ისტორია გაიხსენა. პოდკასტის დროს, უილსონს სთხოვეს დაესახელებინა ყველაზე საშიში მოთამაშე რომელთანაც ან რომლის წინააღმდეგაც უთამაშია – რაიანს შალვა მამუკაშვილის დასასახელებლად დიდი დრო არ დასჭირვებია და ავტობუსში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

“უდავოდ ყველაზე საშიში მორაგბეა, რომელთან ერთადაც მითამაშია. მთელი გუნდი ერთად ვმგზავრობდით. გუნდში ქართველი ჰუკერი – შალვა მამუკაშვილი გვყავდა. ავტობუსით ედინბურგის აეროპორტში მივემგზავრებოდით და ღმერთმა იცის რატომ, ჰოგმა მიწისთხილის პაკეტი ისროლა, რომელიც შალვას მოხვდა და თავის უკანა მხარეს ჩაიყარა. მამუკაშვილი წამოხტა, მოტრიალდა და სთიუარტს მომაკვდინებელი ქართული მზერით შეხედა.”

“მამუკაშვილმა მიწისთხილის პაკეტი 100 მილი საათში სიჩქარით ჰოგს თავში ესროლა. მე უკან ვიჯექი და ღმერთს ვფიცავ, ასე გაბრაზებული არავინ მინახავს. თავდაპირველად ყველა იცინოდა, მაგრამ ავტობუსში მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოვარდა.”

“ჰოგი, დიდ პატივს გცემ, მაგრამ ასე კიდევ ერთხელ თუ მოიქცევი, მოგკლავ!”

შალვა მამუკაშვილი, რომელსაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მაისურით 68 კეპი აქვს მოხვეჭილი, სტიუარტ ჰოგისა და რაიან უილსონის გუნდელი 2016 წელს იყო. მამუკაშვილმა “გლაზგო” 2016 წელსვე დატოვა და ამჟამად “ლესტერ ტაიგერსის” ღირსებას იცავს.

“სეზონის ბოლოს, შალვა კუთხეში არყის ბოთლითა და ყინულით იჯდა. მისი დანახვის შემდეგ ჰოგიმ თქვა: ეს ის ღამეა, როდესაც შალვა მომკლავს” , – აღნიშნავს რაიან უილსონი.

(6332)

პატივს გცემ მაგრამ მოგკლავ | მამუკაშვილისა და ჰოგის სახალისო ისტორია

სტატიის ავტორი
-