პრო დე2 | ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ქართული ლელო გაიტანა.

მეორე ტურში მისი “ორიაკი” “ბაიონს” მასპინძლობდა და ტაიმი 10:3 მოიგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 20:28. ცუცქირიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. 38-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ “ორიაკი” მაინც უქულოდ დარჩა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცუცქირიძისთვის ეს პირველი ლელოა.

“ორიაკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. შეცვლაზე შესვენებისას შევიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლუკა ნიორაძემ, ხოლო გიორგი ჯავახია მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. ‘ბაიონის’ რიგებში შეცვლაზე დასკვნითი 18 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

“ოიონამ” “კოლომიესგან” დასკვნით 5 წუთში ორი ჯარიმა გაუშვა და შინ 21:23 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

“რუანმა” “ნარბონს” უმასპინძლა და ბონუსით, 57:16 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში მიმდინარე სეზონში პირცველად ითამაშა კახა ასიეშვილმა, რომელიც შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად “მონ-დე-მარსანთან” დიდი სხვაობით, 13:48 დამარცხდა “ბურგ-ან-ბრესი”, რომლის ძირითად შემადგენლობაში ვაჟა კაპანაძე და ზაურ თევდორაშვილი იყვნენ. ქართველი ბურჯები 49-ე წუთზე შეცვალეს. თევდორაშვილმა ახალი გუნდის კვართით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მას მოედანზე დაბრუნება მატჩის მიწურულს, 2 წუთით მოუწია.

“მონტობანმა””კარკასონს” სამით მეტი ჯარიმა გაუტანა და 25:16 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა მირიან ბურდულმა, რომელიც შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო “მონტობანის” შემადგენლობაში.

სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა “გრენობლმა”, რომელმაც სტუმრად “ვანი” 38:33 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდნენ ბურჯები – ზურაბ ჟვანია და ილია კაიკაციშვილი. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა გამარჯვების ლელო ბოლოსწინა წუთზე გაიტანეს და გარდასახვაც ზუსტი იყო.

ფოტო: STADE AURILLACOIS

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

(7)

პრო დე2 | ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში

სტატიის ავტორი
-