Belive

რაგბი ევროპა | პრინციპული მატჩი რუსეთის წინააღმდეგ

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა "მიხეილ მესხზე" თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო "ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" დაპირისპირება ორჯერ (მარტი, ნოემბერი) გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვალს გასამართი მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტურით ადრე მოიპოვეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული. მიუხედავად იმისა, რომ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, იგი მაინც პრინციპული ხასიათისაა - "ბორჯღალოსნები" მეტოქეს ზედიზედ 18 შეხვედრაა ამარცხებენ და "მიხეილ მესხზე" მორიგი გამარჯვების სწამთ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა, სასელექციო შეკრებაზე საქართველოში მოთამაშე მორაგბეებს უხმო. აღსანიშნავია, რომ შერჩეულ რაზმში რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე სამი ქართველი მორაგბე მოხვდა: გიორგი ჭყოიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკა სუხაშვილი.  სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა საქართველოში მყოფი 22 მორაგბე შეკრიბა, რომელთაც თვის ბოლოს ლეგიონერები შეუერთდებიან და გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის კომენტარი გამოქვეყნდა. ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალ თამაშებში ექსპერიმენტებს არ გეგმავს.
Georgia-Rugby

"სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები." "მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა.

თბილისის ჯგუფის სასელექციო შეკრებაზე გამოძახებული არიან

შერკინება ჯაბა ბრეგვაძე (2), გიორგი ჭყოიძე (2), ნოდარ ჭეიშვილი (4-5), იოსებ გუშარაშვილი (4-5), მიხეილ გაჩეჩილაძე (6-8), ნიკა სუხაშვილი (6-8), გიორგი თხილაიშვილი (6-7) ხაზი გიორგი მარგალიტაძე (9), ლუკა მატკავა (10), გიორგი ბაბუნაშვილი (10), ლაშა ხმალაძე (10-15), დემე თაფლაძე (12-13), მერაბ შარიქაძე (12), ლაშა ლომიძე (12), სანდრო მამამთავრიშვილი (13), ალექსანდრე თოდუა (11, 14), აკა ტაბუცაძე (11, 14), მირიან მოდებაძე (11, 14, 15), თემურ კოხოძე (11, 14), სანდრო სვანიძე (11, 14), დავით ნინიაშვილი (15), სოსო მათიაშვილი (15). წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები