Belive

რაგბი ევროპა | საქართველო 16:7 რუსეთი

3 წლის წინ რაგბი
9 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართული მატჩი "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით, ანგარიშით 16:7 დასრულდა. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი "დათვებთან" და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა. და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.
11111

საქართველომ შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.

უქულო ტაიმი

ბევრი ფაქტორის, მათ შორის ცარიელი ტრიბუნების ბრალიც უნდა იყოს, რომ პირველ ტაიმში თამაში ისე ვერ აეწყო, როგორც ვისურვებდით. შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მაღალ ტემპში, აგრესიულად დაიწყეს და ხელდახელ ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მეტოქის დაცვა კარგად იდგა და ტექნიკურმა წუნმაც იჩინა თავი.

10 წუთის შემდეგ სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და ფაზების აკინძვა სცადეს. რამილ გაისინს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა რთული პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი ფეხით ცდილობდა ცარიელი სივრცის, ან ნინიაშვილის მოძებნას და მისი შეცდომის იმედად იყო, მაგრამ გადაკიდებულ ბურთებზე დათო საიმედოდ თამაშობდა. დასკვნით 10 წუთში საქართველომ შეძლო ინიციატივის დაუფლება და მრავალფაზიანი შეტევით მანძილიც კარგად მოიგო, მაგრამ უკვე მეტოქის 22-ში კვლავ ტექნიკური წუნი შეგვემთხვა და ტაიმიც უქულოდ დასრულდა.

ბრძოლა ბოლო წუთამდე

რადგან შერკინებაში ისე ვერ ვდომინირებდით, როგორც გვსურდა, მწვრთნელებმა შესვენებისას ცვლილებებს მიმართეს და მოედანზე დებიუტანტი გიორგი ნუცუბიძე, ასევე კვაჭი გიორგი ჭყოიძე გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, დებიუტში კვლავ ბორჯღალოსნები დაჯარიმდნენ, მაგრამ გაისინმა 45 მეტრიდან ვერ გაიტანა. ამის შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა. ჭყოიძე მეტოქეს ბურთში კარგად ჩაუჯდა და ცენტრში ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც თედო აბჟანდაძემ კარში დაარტყა, მაგრამ ძალა ოდნავ დააკლდა და ოვალი ძელმა აისხლიტა. ამ ეპიზოდს ლელო მაინც მოყვა. რუსებმა ფეხით ბურთი შორს ვერ მოიგერიეს, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ თამაზ მჭედლიძემ დაარტყა, რაქიდან ბურთი ვასილ ლობჟანიძემ აიტაცა, სივრცეში გაძვრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, თედომ კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

მალე მოედანზე კაცნაკლული დავრჩით. პორტუგალიელმა რეფერიმ მირიან მოდებაძისგან ჰაერში თამაში დააფიქსირა და სინბინში გაუშვა. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულებმა მეტოქე იქით დავაჯარიმეთ და აბჟანდაძემ კარის წინ 17-18 მეტრიდან გაიტანა. ანგარიშიდან გამომდინარე მეტოქე არ გატყდა, მეორე ნახევრის შუაში ჯერ მოლით შემოგვიტია, მერე ფორვარდებმა განახორციელეს მოკლე დარტყმები და ბოგდან ფედოტკომ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გაისინმა გარდასახა. 65-ე წუთზე რუსები შერკინებაში დაჯარიმდნენ და აბჟანდაძემ კარის წინ 25-26 მეტრიდან გაიტანა, გაისინს კი, ორ წუთში საპასუხო დარტყმა გაუფუჭდა. სხვაობა ისეთი იყო, შეხვედრის მიწურულს ბორჯღალოსნებმა აღარ გარისკეს, 75-ე წუთზე თედომ მორიგი 3 ქულა აიღო და შეხვედრა 16:7 მოვიგეთ.

პრესკონფერენცია

ნამატჩევს ონლაინ-პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პირველად რუსეთის ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჯოუნზმა უპასუხა:
"ვერც კი წარმოვიდგენდით შესვენებისას ანგარიში 0:0 თუ იქნებოდა და ალბათ, ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ თამაშიდან. რთული შეხვედრა იყო. დავუშვით პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოც ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. საქართველო ძლიერი იყო ბოჭვისა და კონტაქტის არეში. ის ცდილობს უკეთესი ხარისხის რაგბი ითამაშოს და უფრო წინ წაიწიოს. ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია".


ბორჯღალოსნების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეტოქის დიდი სხვაობით დამარცხება ვერ მოხერხდა:
"ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით". "დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო". "შესაძლოა ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით".


ბორჯღალოსნების თამაშში შეუთამაშებლობა შეინიშნებოდა, რაც გადახალისებულ შემადგენლობასთან ერთად, მწვრთნელის თქმით, ლეგიონერების დაგვიანებით ჩამოსვლის შედეგია:
"პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ". "დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს".


გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან თამაშს მუდამ თან ახლავს ემოციების ზღვა, რის გამოც გუნდი ხშირად გაუაზრებელ ჯარიმებს იღებდა და ამან მეტოქეს მატჩში ბოლომდე დარჩენის საშუალება მისცა:
"ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე. იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი".
  2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი V ტური (გადადებული მატჩი) 7 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი საქართველო – რუსეთი 16:7 საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია; მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე. ლელო: ლობჟანიძე გარდასახვა: აბჟანდაძე 3 ჯარიმა: აბჟანდაძე სინბინი: მოდებაძე ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები