Belive

რაგბი ევროპა | სუპერ თასი დაიწყო, მესხმა ბონუსისთვის გაიტანა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ახალი საკლუბო ტურნირი სუპერ თასი შაბათ-კვირას, სამი თამაშით დაიწყო. პირველ ქართულ პროფესიულ ფრენჩაიზ "შავ ლომს" პირველ ტურში ისრაელის "თელავივ ჰითისთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში არსებული კოვიდ-სიტუაციის გამო, ის 16 ოქტომბრისთვის გადაიდო. შედეგად, აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ენისეიმ" "ლოკომოტივ-პენზას" უმასპინძლა და 22:6 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ახალ ტურნირში თავისი პირველი ლელო გაიტანა კრასნოიარსკელთა ფრთამ დავით მესხმა. მან შეუცვლელად ითამაშა, ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა, მცველს სისწრაფეში აჯობა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის, საკუთარ გუნდს ბონუს-ქულაც მოუპოვა. "ლოკომოტივი-პენზას" ძირითადში იყვნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ბურჯი ტარიელ დონაძე, ასევე მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. შეცვლაზე შევიდა შუამარბი ნიკა ცირეკიძე. დასავლეთ კონფერენციაში ნიდერლანდის "დელტამ" "ბრიუსელ დევილზს" (ბელგია) 34:13 მოუგო, ხოლო პორტუგალიურმა "ლუზიტანოსმა" ესპანურ "იბერიანზს" 34:19 სძლია. გამარჯვებულებმა ბონუსიც მიიღეს. 25 დეკემბერს მეორე ტურში "ლოკომოტივი" "ენისეის" უმასპინძლებს, "დევილზი" "დელტას" დაუხვდება, ხოლო "იბერიანზი" "ლუზიტანოსს" მიიღებს. ფოტო: rugby europe super cup წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი