Belive

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ კავშირებთან, საჩემპიონატო კომიტეტის მმართველთან, პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019/20 წლების სეზონები მამაკაცთა კონფერენცია 1-ში, კონფერენცია 2-სა და განვითარებად დივიზიონში გაუქმდა. არ გამოვლინდება ჩემპიონი და არ იქნება გავარდნა/აღზევება. იგივე ჯგუფები შენარჩუნდება 2020/21 წლების სეზონში. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შვიდკაცა და შვიდქალა რაგბის კონფერენცია 1-სა და 2-ში. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ ასევე გააუქმა 2020 წელს დაგეგმილი U18 და U20 ტურნირები. შეგახსენებთ, U18 ევროპის ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ კალინინგრადში უნდა გამართულიყო. U20 რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის კი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრას უნდა  ემასპინძლა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბედი. "ბორჯღალოსნებმა" გამართული 4 მატჩიდან, ოთხივეს მოგება შეძლეს და ნაადრევად გაინაღდეს ჩემპიონის ტიტული - რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში კი საქართელოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო. რაგბი ევროპის ჩემპიონატი არ გაუქმდება, თუმცა უცნობია როდის ჩატარდება მე-5 ტურის გადადებული სამი მატჩი. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ მატჩები ჩატარდება როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. გადადებული მატჩების ჩატარების დროსთან დაკავშირებით, რაგბი ევროპის წარმომადგენლები დაახლოებით 1 თვის შემდეგ შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სრული მოხსენება

სხვა სტატიები