Belive

რაგბი ევროპის პრეზიდენტი - საქართველოს 6 ერში უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ!

1 წლის წინ რაგბი
4 წთ
რაგბი ევროპის პრეზიდენტი - ოქტავიან მორარიუ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება და "ბორჯღალოსნების" შანსებს აფასებს. 10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა. უკანასკნელ წლებში, “ბორჯღალოსანთა” პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების შესახებ სულ უფრო მძაფრად აპელირებს. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დროა 6 ერის დახურული კარი საქართველოსთვის გაიღოს. “ბორჯღალოსნებმა” პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს – “საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას”. დიახ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებული და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – გამარჯვება, რომელიც ბათუმის სტადიონზე მყოფ ნებისმიერ მორაგბესა და გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება და გამარჯვება, რომელიც მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.

"ბორჯღალოსანთა" ისტორიული გამარჯვების შესახებ, რაგბი ევროპის პრეზიდენტი - ოქტავიან მორარიუ, საინტერესო კომენტარს აკეთებს. ქართული რაგბის პროგრესის მიუხედავად, მორარიუ ახლო მომავალში ჩვენი ნაკრების 6 ერში ასპარეზობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.
"უზარმაზარი მილოცვა ყველას, ვინც ქართულ რაგბთან ასოცირდება. კვირას, ბათუმში, საქართველომ იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს მიერ ორგანიზებულ არაერთ ტურნირზე ნათლად ვნახეთ ელიტალური რაგბი, რომელსაც საქართველოს ნაკრები თამაშობს. ვიმედოვნებ, მათი განვითარება და ზრდა არ შეჩერდება.  თუმცა, სამწუხაროდ ყველამ ვიცით, როგორაა სტრუქტურულად მოწყობილი ევროპული და საერთაშორისო რაგბი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში 6 ერში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ".
ოქტავიან მორარიუს პათოსს, "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი - ჯო ვორსლიც იზიარებს. RugbyPass-თან საუბარში, საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც საქართველო 6 ერში იასპარეზებს, თუმცა, მანამდე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი.
"ერთ დღეს აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც საქართველო 6 ერში იასპარეზებს, მაგრამ, მანამდე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. აუცილებელია, რომ საქართველო ტიერ 1-ის ერებს სისტემატურად უპირისპირდებოდეს. ნოემბერში ამის შესაძლებლობა კვლავ იქნება. ასევე გასათვალისწინებელია რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო ასპარეზობს და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ გასამართი გასახურებელი ტესტ-მატჩები. ქართველ მორაგბეებს უმაღლესი დონის რაგბთან უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონდეთ. ამისთვის, საქართველოს ტიერ 1-ის ერებთან მუდმივი დაპირისპირება სჭირდება", - ჯო ვორსლი. 
შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ დასკვნით დაპირისპირებაში, საქართველოსა და პორტუგალიის ბრძოლა შედგება. 16 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისში, "ბორჯღალოსნები" კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.    

სხვა სტატიები