Belive

რაგბის მსოფლიო თასი 2023 | დარჩენილი 8 საგზური და საქართველო

3 წლის წინ რაგბი
6 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ვრცელი ადგილი დაეთმო. 2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა უნდა გაირკვეს. 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები რეზულტატის მიხედვით, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა გულშემატკივარმა დიდი ხანია იცის. ქვეჯგუფების საუკეთესო სამეულებმა მომდევნო მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად გაინაღდეს. 12 ერი, რომელმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდა: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი (მასპინძელი), ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი.  დარჩენილი 8 საგზურის მფლობელი კი მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ფაზა, 2022 წლის ნოემბერში გაიმართება, სადაც საგზურისათვის 4 ერი იბრძოლებს. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, რაგბი ამერიკის 2 საუკეთესო ერი იასპარეზებს. ოკეანეთიდან მხოლოდ 1 საუკეთესო მოხვდება, მე-2 ადგილოსანი კი აზიის წარმომადგენელთან პლეი-ოფში იბრძოლებს. რაგბი ევროპის ორი საუკეთესო წარმომადგენელი, მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვდება. რაგბი აფრიკა 1 წარმომადგენლით დაფიქსირდება კიდევ 1 ერის ვინაობა კი საბოლოო საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გახდება ცნობილი.

MSP_4275-1024x576

რაგბი ევროპა და საქართველო

საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე 2-ში მოასპარეზე ქართველი მორაგბეების რაოდენობის გათვალიწინებით, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მოხვედრის შემთხვევაში, ქართველები პრაქტიკულად საშინაო არენაზე იასპარეზებენ. 2003 წლის მსოფლიო თასზე სადებიუტო გამოსვლის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ყველა მსოფლიო თასზე იასპარეზეს. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა. გასულ წელს, იაპონიაში გამართული რაგბის მსოფლიო თასი საქართველოსთვის არც ისე სახარბიელო სცენარით წარიმართა. "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს - რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაიარონ. საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი - რაგბი ევროპის 2021 და 2022 წლების გათამაშების ერთობლივი შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო პირველ და მეორე ადგილოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ. მესამე ადგილზე გასული ერი მსოფლიო თასზე ასპარეზობის შანსს შეინარჩუნებს და ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი 12 გათამაშებიდან - 10 საქართველოს ტრიუმფით დასრულდა, "ბორჯღალოსნებს" საფრანგეთში მოხვედრა არ გაუჭირდებათ. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომლის ბოლო ტური კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, ასევე "ბორჯღალოსნების" ტრიუმფით დასრულდა. უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პროგრესის პარალელურად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე, ევროპის უძლიერესი ერების (ინგლისი, უელსი, ირლანდია) წინააღმდეგ ასპარეზობს. ტიერ 1-ის უძლიერესი ერების წინააღმდეგ თამაშში დაგროვებული გამოცდილება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო დომინანტურ ძალად აქცევს. თვალსაჩინო წარმატების მიუხედავად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი, ქართველ მორაგბეებს მოუწოდებს არ მოდუნდნენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეები ღირსეულად დააფასონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მიერ პირველი ადგილის ვერ დაკავება უდიდესი მოულოდნელობა იქნება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, მეორე საუკეთესო ევროპული გუნდის ტიტულისათვის კი მედგარი ბრძოლა პორტუგალიას, ესპანეთს, რუმინეთსა და რუსეთს შორის გაიმართება.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპი

რაგბი ამერიკა: 2022 წლის სექტემბერში, რაგბი ამერიკის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს – მესამე საუკეთესო ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. რაგბი ევროპა: 2022 წლის მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს – საუკეთესო მესამეადგილოსანი ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. რაგბი აფრიკა: 2022 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს – ფინალში დამარცხებული ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. ოკეანეთი: ტონგა და სამოა ორ-მატჩიან (საშინაო/საგარეო) პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. დამარცხებული აზია/ოკეანეთის პლეი-ოფში, ოკეანეთის მეორე ერის სახელით წარსდგება. აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი: 2021 წლის აზიის რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებული ოკეანეთის მეორე საუკეთესო ერს ორ-მატჩიან პლეი-ოფში (საშინაო/საგარეო) დაუპირისპირდება. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული – ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირი: 2022 ნოემბერში 4 წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირისპირდება – მათ შორის გამარჯვებული მსოფლიო თასის უკანასკნელი საგზურის მფლობელი გახდება.

სხვა სტატიები