Belive

რაგბის მსოფლიო თასი 2023 | კენჭისყრა და საქართველო

3 წლის წინ რაგბი
8 წთ
14 დეკემბერს, თბილისის დროით 15:15 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა: A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1 B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/ოკეანეთი 1, ევროპა 2 C-ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, ფინალური კვალიფიკაციის გამარჯვებული (რეპეშაჟი) D-ჯგუფი: ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1, ამერიკა 2
2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა გაირკვევა. 12 ერი, რომელმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდა: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი (მასპინძელი), ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი.  დარჩენილი 8 საგზურის მფლობელი კი მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ფაზა, 2022 წლის ნოემბერში გაიმართება, სადაც საგზურისათვის 4 ერი იბრძოლებს. 2020 წლის 1 იანვრის რეიტინგის მიხედვით, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრაზე გუნდები 5 კალათში გადანაწილდნენ. I კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი II კალათა: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია III კალათა: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია IV კალათა: ოკეანეთი 1, ევროპა 1, ამერიკა 1, აზია/წყნარი ოკეანეთი V კალათა: აფრიკა 1, ევროპა 2, ამერიკა 2, რეპეშაჟის გამარჯვებული

რაგბი ევროპა და საქართველო

საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე 2-ში მოასპარეზე ქართველი მორაგბეების რაოდენობის გათვალიწინებით, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მოხვედრის შემთხვევაში, ქართველები პრაქტიკულად საშინაო არენაზე იასპარეზებენ. 2003 წლის მსოფლიო თასზე სადებიუტო გამოსვლის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ყველა მსოფლიო თასზე იასპარეზეს. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა. გასულ წელს, იაპონიაში გამართული რაგბის მსოფლიო თასი საქართველოსთვის არც ისე სახარბიელო სცენარით წარიმართა. “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს – რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაიარონ. საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი – რაგბი ევროპის 2021 და 2022 წლების გათამაშების ერთობლივი შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო პირველ და მეორე ადგილოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ. მესამე ადგილზე გასული ერი მსოფლიო თასზე ასპარეზობის შანსს შეინარჩუნებს და ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი 12 გათამაშებიდან – 10 საქართველოს ტრიუმფით დასრულდა, “ბორჯღალოსნებს” საფრანგეთში მოხვედრა არ გაუჭირდებათ. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომლის ბოლო ტური კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, ასევე “ბორჯღალოსნების” ტრიუმფით დასრულდა. უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პროგრესის პარალელურად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე, ევროპის უძლიერესი ერების (ინგლისი, უელსი, ირლანდია) წინააღმდეგ ასპარეზობს. ტიერ 1-ის უძლიერესი ერების წინააღმდეგ თამაშში დაგროვებული გამოცდილება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო დომინანტურ ძალად აქცევს. თვალსაჩინო წარმატების მიუხედავად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი, ქართველ მორაგბეებს მოუწოდებს არ მოდუნდნენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეები ღირსეულად დააფასონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მიერ პირველი ადგილის ვერ დაკავება უდიდესი მოულოდნელობა იქნება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში პირველ ადგილს დაიკავებს და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე c-ჯგუფში, კარგად ნაცნობი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს (უელსი, ავსტრალია, ფიჯი). იმ შემთხვევაში თუ ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის (რეპეშაჟი) გამარჯვებული ურუგვაი გახდება, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, "ბორჯღალოსნები" კვლავ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფის მეტოქეებს შეხვდებიან. შეგახსენებთ, 2019 წელს ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი, საქართველო და ურუგვაი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, მეორე საუკეთესო ევროპული გუნდის ტიტულისათვის კი მედგარი ბრძოლა პორტუგალიას, ესპანეთს, რუმინეთსა და რუსეთს შორის გაიმართება. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს ვერ დაიკავებს და ევროპის საუკეთესო მეორე ადგილოსნის სტატუსით წარსდგება 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე? საუკეთესო მეორე ევროპული გუნდი (ევროპა 2) 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, B-ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, შოტლანდიისა და აზია/ოკეანი 1-ის წინააღმდეგ იასპარეზებს.
ყველაზე ნაკლებად სავარაუდო და პრაქტიკულად გამორიცხული სცენარის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებს და მესამე პოზიციას დასჯერდება - მაინც შეინარჩუნებს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის შანსს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე (რეპეშაჟი) იასპარეზებს, გამარჯვების შემთხვევაში კი C-ჯგუფის მეხუთე წევრი გახდება. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ქვეჯგუფში რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარგად ნაცნობი მეტოქე (ევროპა 1) ეყოლება და ასევე კარგად ნაცნობი - უელსი, ავსტრალია და ფიჯი.
777

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპი

რაგბი ამერიკა: 2022 წლის სექტემბერში, რაგბი ამერიკის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს – მესამე საუკეთესო ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. რაგბი ევროპა: 2022 წლის მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი საუკეთესო მონაწილე მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს – საუკეთესო მესამეადგილოსანი ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. რაგბი აფრიკა: 2022 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს – ფინალში დამარცხებული ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. ოკეანეთი: ტონგა და სამოა ორ-მატჩიან (საშინაო/საგარეო) პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. დამარცხებული აზია/ოკეანეთის პლეი-ოფში, ოკეანეთის მეორე ერის სახელით წარსდგება. აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი: 2021 წლის აზიის რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებული ოკეანეთის მეორე საუკეთესო ერს ორ-მატჩიან პლეი-ოფში (საშინაო/საგარეო) დაუპირისპირდება. გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული – ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გადაინაცვლებს. ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირი: 2022 ნოემბერში 4 წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირისპირდება – მათ შორის გამარჯვებული მსოფლიო თასის უკანასკნელი საგზურის მფლობელი გახდება. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულება. რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთის 9 ქალაქი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები