Belive

რაგბის მსოფლიო თასის გუნდური და ინდივიდუალური სტატისტიკები

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 2 ნოემბერს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბოლო, ფინალური მატჩი შედგა, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი აფრიკელთა გამარჯვებით 12:32 დასრულდა და ამ გამარჯვებით ბოკე მესამედ დაეუფლა მსოფლიო თასს. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასმა საკმაოდ დრამატული მატჩებით, ლელოებითა და საინტერესო სტატისტიკებით დაგვამახსოვრა თავი. Live.ge გთავაზობთ იაპონიაში გამართული რაგბის მსოფლიო თასის ინდივიდუალურ და გუნდურ სტატისტიკებს.

ტურნირის საუკეთესო მელელოვე

ტურნისის საუკეთესო მელელოვე უელსის ნაკრების ხაზის მოთამაშე - ჯოშ ადამსი გახდა. მან მსოფლიო თასზე 7 ლელოს დადება მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უელსელმა უკანახაზელმა საქართველოს ნაკრებიც დაალელოვა.

ტურნირის ბომბარდირი

2019 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მექულე, სამხრეთ აფრიკელთა დამრტყმელი - ანდრე პოლარდი გახდა, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში 69 ქულის დაგროვება შეძლო. პოლარდმა მსოფლიო თასის ფინალში 22 ქულას მოუყარა თავი. ანდრე პოლარდი ასევე პირველ ადგილზე გავიდა გატანილ ჯარიმეშიც, მან 16 ჯარიმის გატანა შეძლო.

საუკეთესო მბოჭავი

იაპონიაში გამართულ რაგბის მსოფლიო თასზე, ყველაზე მეტი ბოჭვა ლეგენდარულმა უელსელმა მეორეხაზელმა - ალუნ ვინ ჯონსმა შეასრულა. მას 79  ბოჭვა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ყველაზე მეტი გატანილი არეკნი

ამ მსოფლიო თასზე ბევრი გატანილი არეკნი არ ყოფილა - არა თუ ბევრი, არამედ ერთადერთი არეკნი გაიტანეს და ამ გატანილი არეკნის ავტორი, ფრანგი 10 ნომერი - კამილ ლოპესია

ყველაზე შედეგიანი მატჩი

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ყველაზე მეტი ქულა ახალი ზელანდიისა და ნამიბიის დაპირისპირების დროს დაფიქსირდა, სადაც "შავებმა" 71:9 იმარჯვეს. ამ დაპირისპირებაში ჯამში 80 ქულა დაგროვდა, შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე მაღალშედეგიანი მატჩიც სწორედ ესაა.

ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება

არავის არ გაგვიკვირდება ამ ნომინაციაშიც ზელანდიელები თუ გაიმარჯვებენ, რადგან ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ჯგუფში საკმაოდ სუსტი ნაკრებები მონაწილეობდნენ. ამ მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება კვლავ "შავებმა" შეძლეს, როდესაც მათ კანადელები 63:0 დაამარცხეს. ამ მატჩში "ოლ ბლექსმა" კანადელების ჩათვლის მოედანი 9-ჯერ აიღეს.

ყველაზე ბევრი დაჯარიმება

და ბოლოს ყველაზე ბევრჯერ 2019 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ნაკრებები დაჯარიმდნენ. მათ ანგარიშზე 16-16 ჯარიმაა.  

სხვა სტატიები