რასინგ 92 ნაკარავასა და ტამეიფუნას წინააღმდეგ სადისციპლინო სასჯელის მიღების ზღვარზეა

179
ნახვა

“რასინგ 92”-ის მესვეურები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ ლეონე ნაკარავასთან დაკავშირებას. ფიჯელი მეორე ხაზელი, რომელმაც მფრინავ ფიჯელებთან ერთად 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა კლუბში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეონე ნაკარავა ოჯახთან ერთად ფიჯიზე ისვენებს და რამდენიმე კვირაა რასინგ 92-ის მესვეურების ზარებს არ პასუხობს.  Midi Olympique-ს მტკიცებით, ნაკარავა გასულ კვირას უნდა დაბრუნებულიყო რასინგ 92-ში – თუმცა მას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. გავლენიანი ფრანგული გამოცემა ირწმუნება, რომ “რასინგ 92”-ის მფლობელები აღშფოთებული არიან ლეონე ნაკარავას უდისციპლინობით და მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურების დაწყებას გეგმავენ. 

კიდევ ერთი კუნძულელი, რომელსაც ტოპ-14-ის ბინადარი კლუბის ხელმძღვანელების სასჯელი დაატყდა ბენ ტამეიფუნაა. ტონგელი ბურჯი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, გუნდს მომატებული წონით დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტონგელი გოლიათი, რომელიც ამჟამად 160 კილოს იწონის, მოედანზე გასვლას იქამდე ვერ შეძლებს, სანამ წონას 140 კილომდე არ შეამცირებს.

ტოპ-14-ის განვლილი 8 ტურის შემდეგ, “რასინგ 92” 13 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება. გუნდში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ლეონე ნაკარავასა და ბენ ტამეიფუნას უდისციპლინობა – “რასინგ 92”-ის მფლობელების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს.

შეგახსენებთ, “რასინგ 92”-ის ღირსებას ორი ქართველი ბურჯი იცავს (ვასილ კაკოვინი, გურამ გოგიჩაშვილი). 21 წლის გურამ გოგიჩაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა – თუმცა იგი უკვე დაუბრუნდა გუნდს.

(179)

რასინგ 92 ნაკარავასა და ტამეიფუნას წინააღმდეგ სადისციპლინო სასჯელის მიღების ზღვარზეა

სტატიის ავტორი
-